მმართველი გუნდი ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად მუშაობას განაგრძობს. პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დეპუტატები დღეს სასამართლო რეფორმის თაობაზე სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმსჯელებენ.
"დაახლოებით 30 საკითხია იდენტიფიცირებული, რომელიც მონაწილე სუბიექტების მიერ იქნა დასმული. წინა შეხვედრაზე ჩვენ ორ საკითხზე შევაჯერეთ პოზიცია, ორ საკითხთან დაკავშირებით ვერ შევთანხმდით. დღეს გავაგრძელებთ მსჯელობას, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის წესთან დაკავშირებით, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემდგომ სარეფორმო მიმართულებებთან დაკავშირებით. ასევე საუბარია უზენაესს სასამართლოსთან დაკავშირებულ პროცედურებზე. ყველა ამ საკითხზე ჩვენ გვექნება საკმაოდ ხანგრძლივი დისკუსია და იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ იქნება ეს ყველაფერი ნაყოფიერი შედეგით დასრულებული,"-აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი ამილახვარის განცხადებით, ერთადერთი სწორი და ლეგიტიმური სამუშაო პროცესი არის ის სადაც მონაწილეობს "ქართული ოცნება".
"წინა შეხვედრები საკმაოდ კონსტრუქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა და ვიმედოვნებთ, რომ დღესაც ყველა ჩართული მხარე ანალოგიურ რეჟიმში გააგრძელებს სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას., ერთადერთი სწორი და ლეგიტიმური სამუშაო ფორმატი არის ის სადაც მონაწილეობს "ქართული ოცნება", შესაბამისად ნებისმიერი სხვა პარალელური პროცესი, თუ პარალელური კანონპროექტი უბრალოდ ვერ იქნება სერიოზულად აღქმული. ვინაიდან არ შეიძლება ერთი და იგივე საკითხზე სადაც 12-პუნქტიან გეგმაში კონკრეტულად არის გაწერილი ამა თუ იმ საკითხის დარეგულირება არსებობდეს ორი სხვადასხვა მოდელი,"-განაცხადა ამილახვარმა.