დღეს პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველის არჩევის წესის ცვლილება პირველი მოსმენით განიხილება. "მოქალაქეების" წევრის, ლევან იოსელიანის კანონპროექტი, რომელსაც მხარს უჭერს, როგორც ოპოზიციის ასევე უმრავლესობის დიდი ნაწილი.
ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ სახალხო დამცველის კანდიდატზე კენჭისყრა აღარ უნდა იყოს ფარული. დეპუტატების შეფასებით, ამგვარი ინიციატივები, რაც მიმართულია პროცესების ღიაობისაკენ იმსახურებს საპარლამენტო მხარდაჭერას. მათი თქმით, ეს ხელს შეუწყობს ომბუდსმენის შერჩევის მიუკერძოებლობას და პროცესი იქნება ინკლუზიური.
"არცერთ ქვეყანაში ეს პროცესი არ არის დახურული, ერთადერთი ქვეყანა, სადაც სახალხო დამცველს ფარულობის წესით ირჩევენ საქართველოს გარდა, არის რუსეთის ფედერაცია. არ მგონია, რომ რუსეთის ფედერაცია დღეს საუკეთესო მაგალითია, რომელსაც ჩვენ უნდა მივბაძოთ. ამიტომ, ვფიქრობ შიდა პოლიტიკური სიტუაცია გვაჩვენებს, რომ პოლიტიკოსებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ საკუთარ გადაწყვეტილებაზე და იმ პირობებში, როცა შეთანხმების გზით უნდა მოხდეს სახალხო დამცველის არჩევა ხალხმა უნდა იცოდეს ვინ, რომელ კანდიდატს უჭერს მხარს, რატომ უჭერს?! ან რატომ არ უჭერს?! და შემდეგ დაისვას კითხვები ამ ხალხის მიმართ,"-აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეების" წევრი ლევან იოსელიანი.
ამასთან, ომბუდსმენის არჩევის წესის ცვლილება არც თუ ისე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრ პაატა მანჯგალაძისთვის. როგორც ის განმარტავს, მის პარტიას დაფარული ისედაც არაფერი ჰქონია.
""სტრატეგია აღმაშენებლისთვის" არაფერი არ იცვლება, ჩვენ ისედაც დაფარული არაფერი არ გვქონდა. ამიტომ არსებითი არ მგონია ამ ტიპის ცვლილება, რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული საერთო ოპოზიციური პოზიციიდან გამომდინარე იმას შევუერთდები მეც, ცალკე პოზიცია არ მაქვს,"-განაცხადა მანჯგალაძემ.
რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით ომბუდსმენის არჩევის პროცესი არის გამჭვირვალე და ინკლუზიური. ასევე მმართველი გუნდი მზაობას გამოთქვამს, რომ პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეების" ინიციატივას ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებით მხარი დაუჭირონ.