15 ნოემბერი 2024,   08:25
ვრცლად
ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვით, ყოველგვარი საბაბი სპეკულაციებისთვის, ინსინუაციებისთვის მოიხსნება - ირაკლი კობახიძე

ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვით, ყოველგვარი საბაბი სპეკულაციებისთვის, ინსინუაციებისთვის მოიხსნება, – ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ელექტრონული წესით ხმის მიცემა და ამომრჩევლის რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება უზრუნველყოფილი.

"არის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც ხორციელდება, მათ შორის 12 პუნქტის ფარგლებში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის საარჩევნო რეფორმა. უკვე წარდგენილია პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტი ინიციატივის წესით. ჯამში იყო ეუთო/ოდირის 19 რეკომენდაცია, რომლის შესასრულებლადაც მუშაობდა სამუშაო ჯგუფი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელიც ძირითადად ოპოზიციიდან და არასამთავრობო სექტორიდან წამოვიდა, უკავშირდებოდა ელექტრონული წესით ხმის მიცემას და ასევე ამომრჩეველთა რეგისტრაციას. მთლიანად პაკეტი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ცალკე გამოვყოფ ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის საკითხს. ბევრი კუთხით არის ეს ინიციატივა მნიშვნელოვანი, რასაც ჩვენ საბოლოო ჯამში მხარი დავუჭირეთ. ყოველგვარი საბაბი სპეკულაციებისთვის, ინსინუაციებისთვის მოიხსნება ამ ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვით. მაგალითად, რეგისტრაციის საკითხი რომ ავიღოთ ცალკე, იყო ყბადაღებული თემა, ე.წ. საარჩევნო კარუსელის შესახებ, რაზეც იყო ბრალდებები, ნულოვანი საბაბი დარჩება ამ შემთხვევაში ოპოზიციას," – აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, ელექტრონული წესით განხორციელდება რეგისტრაცია და თითოეული ამომრჩეველი სახელობითად იქნება დარეგისტრირებული. შესაბამისად, კობახიძის განცხადებით, იარსებებს ბაზაც, რომელიც იქნება გადამოწმებადი. 

"ხმის მიცემას რაც შეეხება, რაც აპარატის მეშვეობით განხორციელდება, ამ შემთხვევაში აქვს ბევრი პლიუსი ელექტრონული წესით ხმის მიცემას, მათ შორის არის ის, რომ ბათილი ბიულეტენების შესახებ იყო მუდმივი სპეკულაციები და აქ ავტომატურად დაითვლის ამ ყველაფერს აპარატი. გარდა ამისა, ოქმების დაბალანსების საკითხი 30-წლიანი პრობლემა იყო, ადამიანური შეცდომები იყო, ობიექტური ფაქტორები, რის გამოც ხდებოდა პრობლემის შენარჩუნება ჩვენს საარჩევნო გარემოში და ეს მთლიანად მოიხსნება. აპარატი ავტომატურად დაითვლის აბსოლუტურად ყველა შესაბამის უბანზე არჩევნების შედეგებს. ასევე იყო მილიონი სპეკულაცია თვითონ დათვლასთან დაკავშირებით. გამოქვეყნებას რაც შეეხება, 9-ის წუთებზე, როგორც კი დაიხურება საარჩევნო უბნები, უკვე შედეგები იქნება ცნობილი საზოგადოებისთვის. ეს ყველაფერი დაინერგება სულ მცირე 70 პროცენტზე. ეს რიცხვი რეზერვად ავიღეთ. ერთადერთი არის მცირე საარჩევნო უბნები, მათ შორის მაღალმთიან რეგიონებში და ა.შ, სადაც უბრალოდ ხარჯეფექტიანი არ იქნება, ზოგი უბანი არის 20-კაციანი და სხვა ტექნიკურ ხარვეზებთან იქნება დაკავშირებული იქ ელექტრონული აპარატურის დანერგვა. არსებითად, მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება უზრუნველყოფილი ელექტრონული წესით ხმის მიცემა და ამომრჩევლის რეგისტრაციაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები