20 აპრილი 2024,   02:10
ვრცლად
1985 წელს დაბადებული გრიგოლ ნარსია - რა ვიცით ქუთაისში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელის შესახებ

რა ვიცით თავდამსხმელის შესახებ

"საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია, 1985 წელს დაბადებული გრიგოლ ნარსია. არსებული ინფორმაციით, 37 წლის ნარსია წარმოშობით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯადანაა. დღის განმავლობაში მის ვინაობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიები ვრცელდებოდა. ერთ-ერთის მიხედვით, თავდამსხმელი საქართველოში ემიგრაციიდან, პოლონეთიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და სამორინეში თანხა ჰქონდა წაგებული,  თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა. გრიგოლ ნარსია ამჟამად იმერეთის სამხარეო დეპარტამენტის შენობაში იმყოფება.

მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება რამდენიმე მუხლით დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.

თავდამსხმელს 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თავდასხმის ქრონოლოგია

ქუთაისში "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმა დღეს დილით, დაახლოებით 11:30 საათზე მოხდა. როგორც თვითმხილველები იხსენებენ, თავდაპირველად შეიარაღებული მამაკაცი სამოქალაქო ტანისამოსში იყო, ფილიალში შეჭრის შემდეგ კი სამხედრო ფორმა ჩაიცვა.

ვიდეოკადრებში, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში მძევლების მიერ ვრცელდებოდა, ჩანდა, რომ თავდამსხმელი შეიარაღებული იყო და მას ნიღაბი ეკეთა, რათა მისი იდენტიფიცირება ვერ მომხდარიყო. მას ასევე ეცვა ბრონის ჟილეტი და სხეულზე მიმაგრებული ჰქონდა ასაფეთქებელი მოწყობილობის მსგავსი ნივთი. ვიდეოკადრებში კარგად ჩანდა, რომ მამაკაცს მარცხენა ხელში ეჭირა ამ მოწყობილობების სამართავი პულტი, მარჯვენა ხელში კი, სავარაუდოდ, ხელყუმბარა ეკავა, რომელიც წებოვანი ლენტის საშუალებით ჰქონდა ხელზე მიმაგრებული. თავდამსხმელს თან ჰქონდა დანა და ცეცხლსასროლი იარაღი. სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობები თავდამსხმელს დამაგრებული ჰქონდა ბანკის შიდა ტერიტორიაზეც.

შეიარაღებულმა პირმა შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში 14 პირი აიყვანა მძევლად. მალევე, მძევლებს მოსთხოვა სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში ჩართვა და სწორედ მსგავსი საშუალებით გახდა ცნობილი მისი მოთხოვნები. მან სამართალდამცველებს სამი საათი მისცა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. მძარცველი რუსულ დროშას, ანკესს, მიკროავტობუსი ბანკის შენობის წინ, ვერტმფრენს და თავდაპირველად 2 მილიონ დოლარს, ხოლო დღის ბოლოს 1.5 მილიონ დოლარს მოითხოვდა.

მძევლების გათავისუფლების ოპერაცია 9 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. დღის ბოლოს, სამართლდამცველებმა თავდამსხმელი დააკავეს და ყველა მძევალი უვნებლად გაათავისუფლეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები