15 ნოემბერი 2024,   08:14
ვრცლად
ევროპელი კანონმდებლები ქართულ პოლიტიკურ პარტიებს ერთად დასხდომისა და ქვეყნის ინტერესებისთვის თანამშრომლობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ

ევროპელი კანონმდებლები ქართულ პოლიტიკურ პარტიებს ერთად დასხდომისკენ მოუწოდებენ და თხოვენ, რომ ქვეყნის ინტერესებისთვის ითანამშრომლონ.

"გთხოვთ, გაერთიანდით, გთხოვთ, დადექით პარტიულ ინტერესებზე მაღლა და გთხოვთ, დაიწყეთ თანამშრომლობა მთელი ერის ინტერესებიდან გამომდინარე," - ეს განცხადება დღეს საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარინა კალიურანდმა თბილისში, საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომის შემდეგ გააკეთა.

"შესაძლოა, საქართველო იმედგაცრუებულია და მე მესმის ამ იმედგაცრუების, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შესაძლებლობა არ არსებობს. შესაძლებლობა არსებობს, საქართველოს მისწრაფებისთვის კარი ღიაა და ყველაფერი თქვენს ხელშია, თქვენი პოლიტიკოსების ხელშია," - ამბობს ევროპარლამენტარი.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო- ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა ყველა პირობა შექმნა პროცესის ინკლუზიურობისთვის.

"ფაქტია, მმართველმა გუნდმა შექმნა ყველა პირობა, პარლამენტში არის შექმნილი ყველა პირობა იმისთვის, რომ პარლამენტის ყველა წევრს შეეძლოს მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერ ფორმატში, სადაც განიხილება საქართველოს მომავალი. არ არსებობს მექანიზმი, რითაც ვაიძულებთ რომელიმე პარლამენტის წევრს მონაწილეობა მიიღოს სამუშაო ჯგუფებში, თუკი მას ეს არ სურს, ეს არის მათი გადაწყვეტილება, მათი ნება, თუკი ასეთი გადაწყვეტილებით მოქმედებენ, ის პასუხისმგებლობაც უნდა გაიზიარონ რაც ეკისრება თითოეულ პოლიტიკოსს საქართველოს მოქალაქეების წინაშე ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით,"- განაცხადა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები