ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მისი ფრაქცია უარს ამბობს "ქართული ოცნების" მიერ შექმნილ ჯგუფებში მუშაობაზე, თუმცა მზად არიან მხარი დაუჭირონ კანონპროექტებს, მათ შორის "ქართული ოცნების" მიერ შემუშავებულს, თუ ჩათვლიან, რომ ისინი შესაბამისობაში არიან ევროკომისიის 12 პუნქტიან რეკომენდაციებთან.
ხატია დეკანოიძემ ეს განცხადება "ღამის კურიერში" გააკეთ. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" კომიტეტებში და სესიებში მონაწილეობას მიიღებს.
"ჩემი და ჩემი ფრაქციის პოზიცია იყო და ახლაც ვაგრძელებთ, რომ ამ არაფორმალურ ჯგუფებში ხელდასხმულ თავმჯდომარეებთან ერთად არა, მაგრამ კომიტეტებში და სესიებში, ყველაფერში მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ყველა კანონპროექტს, რომელიც თუნდაც არ იქნება ოპოზიციის მიერ შემუშავებული, მაგრამ იქნება "ქართული ოცნების" შემუშავებული და რეალურად ეს კანონპროექტები იქნება 12 პუნქტისთვის შესაბამისობაში," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ამასთან ხატია დეკანოიძემ რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით მისი პარტიის მოთხოვნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით, ის ოპოზიციის გამარჯვებაში დარწმუნებულია.
"ახლა, როდესაც სასწორზეა საქართველოს ევროპული მომავალი, ოპოზიცია- პროდასავლური ალიანსი აუცილებლად მოუგებს ნებისმიერი სისტემით "ქართულ ოცნებას" და მოუგებს მძლავრად. ბოლო კვლევებშიც ჩანს, რომ საზოგადოება, პრაქტიკულად 70%-ზე მეტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი გზით ვითარდება.
ამ ხელისუფლების შეცვლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზა არის არჩევნები, მერე უკვე ახალმა პარლამენტმა გადაწყვიტოს, როდის ჩატარდება შემდეგი არჩევნები, ჩატარდება თუ არა 2024-ში. ეს მესახება მე ძალიან ლეგიტიმურ კონსტიტუციურ გამოსავლად.
ახლა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე, უმძიმესი გამოწვევების ფონზე, რუსეთთან ძალიან აქტიური კეკლუცობის ფონზე და გაცილებით უფრო დიდი მონაპოვრის - კანდიდატის სტატუსის დაკარგვის ფონზე, ამ მმართველი გუნდის ადგილი არ არის ხელისუფლებაში.
ხელისუფლებას უფრო დიდი თავისტკივილი და რისკები აქვს. საქართველოს მოქალაქეების დიდმა ნაწილმა ისინი აღარ გააიგივა ეროვნულ ხელისუფლებასთან. მათ 2020 წელს ჩაატარეს პროდასავლური ხელისუფლების კამპანია და 2022 ში ვხედავთ ანტიდასავლურ განცხადებებს და პირველად საქართველოს ისტორიაში, ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან მოვისმინეთ შეტევა აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებზე. ამიტომ ახლა სრულიად სხვა მოცემულობაა.
კვლევებში გაცილებით ცუდი შედეგი გვქონია, მაგრამ არჩევნებზე აგვიღია სულ სხვა შედეგი 30% და ზემოთ. ჩვენ იდეურად პროდასავლურ გაერთიანებაში ვართ, მაგრამ პოლიტიკურად არავითარ გაერთიანებაში არ ვმონაწილეობთ," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.