15 ნოემბერი 2024,   08:21
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა", შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის დაშლის პირას - მმართველი გუნდი დაპირისპირებაზე

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისა და მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრებს შორის მძიმე ფიზიკურ დაპირისპირებაზე შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ენმ დაშლის პირასაა და მათ არანაირი პოლიტიკური მომავალი არ აქვთ.

"ძალიან კარგად გვახსოვს ეს ადამიანები, რომლებიც მათ დავალებებს ასრულებდნენ და მერე ისინი იცავდნენ, და ახლა პარტბილეთი ჯიბეში ვის უდევს და ვის არა - მე არ ვიცი. ფაქტია, ვხედავთ იმას, რომ პოლიტსაბჭოს ზოგიერთი წევრი აბსოლუტურად სხვა განცხადებას აკეთებს და მერე მას უპირისპირდებიან დანარჩენები, ისინი ხომ მაინც არიან პარტიის წევრები," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი.

"დღეს, "ნაციონალური მოძრაობა", შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის დაშლის პირას. ეს ვერანაირ ზეგავლენას ქართულ პოლიტიკაზე ვერ იქონიებს, ამიტომ არავის გვაქვს ილუზია, რომ თუნდაც, დაშლილი მარტივ მამრავლებად, ისინი რამე კონსტრუქციულ რეჟიმში გადმოვლენ, თუმცა საზოგადოება კიდევ ერთხელ ხედავს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არანაირი პოლიტიკური მომავალი არ აქვს," - აცხადებს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობა" ადასტურებს, რომ ნიკა მელიასა და გიორგი მუმლაძეს შორის დაპირისპირება მოხდა. პარტიის მიერ გავრცელებული განცხადებაში წერია, რომ "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრი გიორგი მუმლაძე თანმხლებ პირებთან ერთად ნიკა მელიას სამუშაო ოთახში შეიჭრა და "შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიით პროვოკაციის მოწყობა სცადა". "ნაციონალურ მოძრაობაში" ასევე განმარტავენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ჩართვის დროს, გიორგი მუმლაძე ჯგუფთან ერთად, პროვოკაციის მოწყობის მიზნით, განზრახ მივიდა ტელევიზიასთან და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნიკა მელიას მძღოლს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცენტრალურ შესასვლელში მყოფი მაუწყებლის და დაცვის პოლიციის თანამშრომლების თანდასწრებით.

დღის ამბები