პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე დაპირისპირებას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, "ოპოზიციურ ფლანგზე შავი ფული ტრიალებს".
"სხვათა შორის, ეს ის ხალხია, ვისაც აქამდე მოიხსენიებდნენ სამოქალაქო აქტივისტებად. ყველამ დავინახეთ, რომ ესენი არიან პოლიტიკური აქტივისტები. ეს ის ხალხია, რომელთა ძალადობრივ ქმედებებს პარლამენტთან და მის გარშემო, აფასებდნენ, როგორც სამოქალაქო აქტივიზმის გამოვლენას, თუმცა ისინი სინამდვილეში ძალადობრივი ჯგუფებია. ის ჯგუფებია, რომელთა თაობაზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ პოლიცია სწორად იქცეოდა, როცა დემონსტრაციას შლიდა. დაშლის დროს ყველა ამტკიცებდა, რომ ეს იყო გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. საბოლოო ჯამში, სიმართლე თავის გზას ყოველთვის პოულობს. ჩვენ ახლა მომსწრე ვართ პირდაპირ აღიარების, რას ნიშნავს ოლიგარქიული ფული პოლიტიკაში და ასევე, რას ნიშნავს ძალადობა პოლიტიკაში. ფაქტობრივად, რასაც ვისმენთ - აღიარებას, რომ ეს არის ერთი ადამიანის ფული, რომელიც ტრიალებს პოლიტიკაში, ეს ფული არსად დეკლარირებული არ არის ამ პოლიტიკურ პარტიებზე. ფაქტობრივად, ეს აღიარებაა, რომ შავი ფული ტრიალებს ოპოზიციურ ფლანგზე, რაზეც ეჭვები იყო აქამდეც და ახლა ვხედავთ პირდაპირ აღიარებას, რომ შავი ფულით ფინანსდება პოლიტიკური პარტიები," - განაცხადა პაპუაშვილმა.