04 დეკემბერი 2022,   09:56
ვრცლად
ბავშვთა რაგბის განვითარების მიზნით მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქველმოქმედო ფონდ "ქართუსა" და რაგბის კავშირს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

უწყების ცნობით, დოკუმენტს ხელი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა - თეა წულუკიანმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ - თამარ მახარაშვილმა, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა - იოსებ ტყემალაძემ და საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" გამგეობის თავმჯდომარემ - ნიკოლოზ ჩხეტიანმა მოაწერეს.

თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს "მსოფლიო რაგბის" სასკოლო მიმართულების განვითარების პროექტში მხარეთა ჩართვას. პროგრამის მიზანია, სკოლის მოსწავლეთა შორის რაგბის განვითარების პროგრამა – "ჩაერთე რაგბიში" (Get Into Rugby) მხარეთა მონაწილეობა. პროექტის ამოცანაა, მასში მონაწილე ბავშვებმა აღმოაჩინონ და გაითავისონ რაგბის ფასეულობები და ძირითადი პრინციპები, შეისწავლონ რაგბისთვის საჭირო არსებითი უნარები, სცადონ თამაში და/ან დარჩნენ რაგბიში კომპლექსური, უსაფრთხო და სახალისო აქტივობების საშუალებით. პროექტის ფარგლებში ბავშვები ივარჯიშებენ და ითამაშებენ „თაგ რაგბის“ (Tag Rugby), რომელიც არის რაგბის ელემენტებით გაჯერებული სრულიად უკონტაქტო თამაში.

აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციას "მსოფლიო რაგბისპრეზიდენტი - ბილ ბომონტი ოფიციალური დელეგაციის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

მემორანდუმი ძალაშია ხელმოწერისთანავე და გაგრძელდება 2025 წლის 31 დეკემბრამდე.

დღის ამბები