რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი ირწმუნება, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს საზღვარზე სთხოვენ, რომ რუსეთი აღიარონ აგრესორ ქვეყანად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევად. მისივე თქმით, დოკუმენტი, რომელზე ხელმოწერასაც თითქოსდა რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს საზღვარზე სთხოვენ, მოითხოვს დამოუკიდებელი სახელმწიფოების წინააღმდეგ რუსეთის ქმედებების დაგმობას.
ამ დრომდე მსგავსი არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ვოლოდინის ინფორმაციით, თუ რუსეთის მოქალაქეები მსგავს დოკუმენტს მართლაც აწერენ ხელს, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.
"სწორედ ახლა, ნიკოლაი ვასილევიჩ კოლომეიცევმა გადმომცა დოკუმენტი, რომელზე ხელმოწერასაც სთხოვენ მათ, ვინც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე გადადის. განაცხადი რუსეთის ფედერაციის საქართველოს ტერიტორიის საოკუპაციო რეჟიმად აღიარებაზე. ეს თუ ასეა და ჩვენი მოქალაქეები ამ დოკუმენტს ხელს აწერენ, სავსებით ცხადია, რომ ეს დანაშაულია. პირველ პუნქტში საუბარია იმაზე, რომ ხელმომწერი აღიარებს, რომ მისი ქვეყანა აგრესორია. ეს უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა," განაცხადა ვოლოდინმა.
ვოლოდინი რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც თითქოსდა საქართველოში შემოსვლამდე გარკვეულ დოკუმენტს აწერენ ხელს, აფრთხილებს, რომ დაისჯებიან, თუ ქვეყანაში დაბრუნდებიან.
"იქნებ ვინც გაიქცა და ამ დოკუმენტს ხელი მოაწერა, კარგიცაა, რომ წავიდა? მათი ნდობა არაა საჭირო. მათ უკვე გვიღალატეს. თუმცა ჩვენ უნდა ვთქვათ: მათ საკუთარი ქვეყნის, ერის წინაშე მრავალი დანაშაული ჩაიდინეს. თუ უკან დაბრუნებას გადაწყვეტენ, დაისჯებიან," თქვა ვოლოდინმა.
ვოლოდინმა რუსეთის დუმას ამ საკითხის შესწავლა შესთავაზა.