საქართველოში ბელარუსის ელჩი, ახსნა განმარტებებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ანატოლი ლისი დიპლომატიურ უწყებაში ცოტახნის წინ მივიდა - ეს იყო ოფიციალური თბილისის პირველი რეაქცია აფხაზეთიდან გავრცელებულ კადრებზე.
ოკუპირებულ რეგიონში ბელარუსის პრეზიდენტი ჩავიდა. ალექსანდრ ლუკაშენკო უკვე შეხვდა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს და ასლან ბჟანიას მეგობრობასთან ერთად სერიოზული ურთიერთობებიც დაუანონსა. აღნიშნა, რომ აფხაზეთის შესახებ გუშინ უფროს ძმასთან, ვლადიმერ პუტინთან ისაუბრა.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ბელარუსის ავტორიტარ ლიდერს მასპინძლობს ბიჭვინთის იმ აგარაკზე, რომელიც სავარაუდოდ მალე პუტინის საკუთრებაში გადავა.
"გუშინ, ჩვენს უფროს ძმასთან, ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინთან აფხაზეთის პრობლემები განვიხილეთ. ღამემდე ბევრი ვიმსჯელეთ ამ საკითხებზე და მივედით ერთ დასკვნამდე, რომ აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება. მას დახმარება სჭირდება, რათა ეს აყვავებული მიწა, ხალხი, ვინც აქ ცხოვრობს, რომ ნორმალურად ცხოვრობდეს. დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ ვნახეთ რა გახდა მსოფლიო. მშვიდად ცხოვრების უფლებას არ მოგვცემენ. ამიტომ, მეგობრებთან ურთიერთობა უნდა გავამყაროთ," - თქვა ლუკაშენკომ.
ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ თქვა, რომ ისინი ლუკაშენკოს სტუმრობით მოხარულნი არიან.
"თქვენ თქვით, რომ აფხაზეთის იზოლაცია, ეკონომიკური ბლოკადა არასწორი გადაწყვეტილებაა. ამის შესახებ აფხაზეთმა იცის და აფასებს. ჩვენ კარგი ადამიანური ურთიერთობები გვაკავშირებს. მოხარული ვართ თქვენი სტუმრობით. ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ისე, რომ ის ისეთივე იყოს, როგორც კეთილ საბჭოთა დროს, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აფხაზეთში," - ამბობს ბჟანია.