საქართველოს მხარეს მოძრაობა ისეთი ინტენსიური აღარ ჩანს, როგორც ეს დილით ან გასული დღეების განმავლობაში იყო, თუმცა მობილიზაციის გამო რუსეთის მოქალაქეები ქვეყნის დატოვებას რომ განაგრძობენ, ეს ფაქტია. ისინი საზღვარს კვეთენ ყველა საშუალებით - ფეხით, ველოსიპედით და ავტომობილით. ყველა მათგანი ამბობს, რომ სურს მშვიდობა, საკუთარი ქვეყნის დატოვების მიზეზი კი პუტინის გადაწყვეტილება გახდა.
"კურიერი" რამდენიმე მათგანს ესაუბრა. მათი განცხადებით, რუსეთში სიტუაცია უსაფრთხო არ არის.
"სიტუაცია რუსეთში უსაფრთხო არ არის. მე უკრაინას მხარს თავიდანვე ვუჭერდი. რუსეთში ჩემთვის ყოფნა უსაფრთხო არ არის. რუსეთში ახლა კანონი არ მუშაობს. დავპირდი პოლიციელებს, რომ მათზე არაფერს ვიტყოდი. მე მემუქრებოდნენ წაყვანით იმის მოუხედავად, რომ გაწვევა არ მომსვლია. რუსულ არმიაში არაფერი მესაქმება, ეს ომი აბსოლუტურად ამორალურია. მე უბრალოდ დამაპატიმრებდნენ, ჯერ საქართველოში ვაპირებ ყოფნას," - განაცხადა საქართველოში გადმოსულმა რუსეთის მოქალაქემ "კურიერთან" საუბრისას.