15 ნოემბერი 2024,   08:18
ვრცლად
ეს არის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება - პარლამენტში ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს ეხმაურებიან

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს მწვავე რეაქცია მოჰყვა თბილისში. საკანონმდებლო ორგანოში ყველა თანხმდება, რომ ეს არის მორიგი პროვოკაცია და ამ ფაქტს შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს. 

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, ამ ფაქტს ჩვენი მთავრობის მხრიდან მკაფიო რეაქცია უნდა მოჰყვეს, მათ შორის მიმართვა დასავლელ პარტნიორებთან. 

"ფაქტობრივად ლუკაშენკო ყველაფერს აკეთებს, რასაც რუსები ეუბნებიან, ამიტომ არ არის გამორიცხული რომ მათ უთხრეს აფხაზეთის მიმართ ასეთი ჟესტი გაეკეთებინათ. ჩვენი მთავრობის მხრიდან უნდა იყოს მკაფიო რეაქცია, მიმართვა დასავლელ პარტნიორებთან და ა.შ, რომ მათ დამატებითი მხარდაჭერა გამოთქვან, თუ არის საშუალება რომ დამატებითი წნეხი იყოს ბელორუსზე," - ამბობს რაქვიაშვილი.

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ არაა გამორიცხული,  პუტინმა აფხაზეთის და სამაჩაბლოს რუსეთთან მიერთების ნაბიჯებიც გადადგას.  

"ამას სჭირდება ძალიან სწრაფი და მკაცრი რეაგირება საქართველოს მხრიდან იმიტომ, რომ ეს არის ქართული სახელმწიფოს, ქართული სუვერენიტეტის შეურაცხყოფა. როგორც ჩანს, პუტინმა ამ "რეფერენდუმების" შემდეგ, რაც ჩატარდა უკრაინის ტერიტორიაზე გადაწყვიტა, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს მიმართულებითაც კიდევ უფრო გაამძაფროს პოლიტიკა. არ გამოვრიცხავ, საქართველოს ამ ნაწილების მიერთების ნაბიჯებიც გადადგას," - თქვა ელისაშვილმა. 

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე აცხადებს, რომ ლუკაშენკოს ეს ნაბიჯი საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა და ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

"რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება, ეს არის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა. ჩვენ ყოველთვის გვქონდა და გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა ბელარუსის ხელისუფლებასთან, ბელარუს ხალხთან და ძალიან არალოგიკურია, თუ ეს ნაბიჯი მართლაც იქნა გადადგმული," - განაცხადა მიქანაძემ.

დღის ამბები