კითხვაზე, კონტროლდება თუ არა საკმარისად ლარსის გამშვებ პუნქტზე საქართველო-რუსეთის საზღვარი პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს, რომ ეს არის აბსოლუტურად საქართველოს სახელმწიფოს კონტროლქვეშ, ვინ შემოდის ქვეყნის ტერიტორიაზე.
როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, მესაზღვრე სწორედ თავად წყვეტს ერთპიროვნულად შემოუშვას თუ არა ადამიანი სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, მათ შორის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.
"უპირველეს ყოვლისა უნდა შევხედოთ, რასთან გვაქვს საქმე. როცა ვსაუბრობთ საზღვრების კონტროლზე და უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოშვებაზე, ეს არის აბსოლუტურად საქართველოს სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ ვინ შემოდის ჩვენს ტერიტორიაზე და მესაზღვრე სწორედ თავად წყვეტს ერთპიროვნულ, შემოუშვას თუ არა ადამიანი სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, მათ შორის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ეს შტამპი არის ვიზა. ეს ტალღა ახალი ხომ არ არის, მარტში იყო ეს ტალღა ისტერიის, თითქოს ხდება რაღაც განსაკუთრებული შემოდინება, ზაფხულში იყო იგივე ტალღა. ჩვენ მარტშიც და ივნისშიც ოპონენტების მხრიდან გვესმოდა, რომ ეს იყო განზრახ შემოდინება რუსეთის მოქალაქეებისა იმისთვის, რომ დაზიანდეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. როგორ ხდება ამ ყველაფრის მიტანა ჩვენი ოპონენტების მხრიდან საკუთარი ამომრჩევლებისათვის, როგორც ისტერია. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ საზღვარი არის სრულად კონტროლის ქვეშ, შტამპი არის იგივე ვიზა. მესაზღვრეს აქვს სრული უფლება ეს შტამპი არ ჩაარტყას ანუ არ გასცეს ეს ვიზა", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარე ქვეყანაში შემოსული რუსეთის მოქალაქეების სტატისკაზე საუბრობს და აცხადებს, რომ დაახლოებით რუსეთის 40 ათასი მოქალაქეა დღესდღეობით დარჩენილი საქართველოში.
"რუსეთის 40 ათასი მოქალაქეა დღესდღეობით დარჩენილი საქართველოში და ისიც ვიცით, რომ აქედან ნაწილი არის ადამიანი, ვისაც აქვს კავშირი საქართველოსთან ან არიან ეთნიკურად ქართველები ან საქართველოდან წარმოშობით. მეორეს მხრივ, ჩვენ გვესმის ჩვენი უსაფრთხოების სამსახურების განმარტებები ამასთან დაკავშირებით, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ცოტა ხნის წინ გახლდავთ პარლამენტში წლიური მოხსენებით და იქ დახურულ სხდომაზე კითხვა-პასუხის რეჟიმში ამ საკითხებზეც ისაუბრა, თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ.
ჩვენ ვნახეთ, რომ რაიმე ექსცესი არ გვქონია და სახელმწიფო სრულად აკონტროლებს უცხო ქვეყნის მოქალაქეების ყოფნის კუთხით ვითარებას. ამიტომ, რაიმე დამატებითი პანიკის შექმნა ამ ყველაფრისგან ემსახურება ერთ მიზანს, რომ აწიონ ტალღა. გარდა ამისა, დავუბრუნდეთ ისევ მოტივაციას - ვხედავთ რომ ჩვენი ოპონენტები, რომლებიც სწორედ ამ ისტერიას წევენ, თავადაც დაბნეული არიან. ხან საუბრობენ იმაზე, რომ პირიქით, საზღვრები უნდა იყოს გახსნილი იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ჯარს გამოქცეული მოქალაქე შემოვიდეს აქ. ერთ დღეს იმას ამბობენ, რომ რუსეთის თითო მოქალაქე, რომელიც შემოვა აქ, არის ერთით ნაკლები ჯარისკაცი უკრაინაში, მეორე დღეს ამბობენ, რომ არა უნდა ჩაიკეტოს იმიტომ, რომ თითქოს შიგნით უნდა ებრძოლონ რეჟიმს. ეს არის იმპულსურობა ჩვენი ოპონენტების და ეს აჩვენებს, რამდენად საშიშია ასეთი ჯგუფების ყოფნა ხელისუფლებაში. თქვენ წარმოიდგინეთ ეს პოლიტიკური ჯგუფი რომ იყოს ახლა ხელისუფლებაში, ისინი იმპულსურად ერთ დღეს ერთ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, მეორე დღეს მეორე გადაწყვეტილებას, ეს არის ისტერიის ტალღების შექმნის მცდელობა," - ამბობს შალვა პაპუაშვილი.