მთავარი პრობლემა, რაც "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს არის ის, რომ ისინი არიან საკუთარი პოლიტიკის მსხვერპლი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ "ღამის კურიერთან" განაცხადა.
შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ როგორც ჩანს "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით არიან ადამიანები, რომლებიც ერთის მხრივ ვეღარ მიყვებიან იმ პოლიტიკას, რომელიც პარტიას აქვს.
"მთავარი პრობლემა, რაც ნაციონალურ მოძრაობას აქვს არის ის, რომ ისინი არიან საკუთარი პოლიტიკის მსხვერპლი. მე არ ვიცი აქედან რა გამოსავალი შეიძლება იყოს, მაგრამ ფაქტია და ამას აჩვენებს სწორედ ეს ბოლო კრიზისი, რაც მათ აქვთ პარტიაში, რომ პარტიის შიგნით როგორც ჩანს არიან ადამიანები, რომლებიც ერთის მხრივ ვეღარ მიყვებიან იმ პოლიტიკას, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას აქვს და ეს არის პოლიტიკა, რასაც ჩვენ ვხედავთ ბოლო 10 წლის განმავლობაში, რომელიც მიმართულია საკუთარ ამომრჩევლებში ხელისუფლების მიმართ ზიზღის კვებაში, საკუთარ ამომრჩევლებს კვებავენ ზიზღით ხელისუფლების მიმართ. ჩვენ სხვა ხო არაფერი არ მოგვისმენია ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, გარდა იმისა, რომ საუბრობენ ხელისუფლების რუსულ ორიენტაციებზე და ა.შ. როდესაც არის საუბარი ინტეგრაციის პროცესში თანამშრომლობაზე, ერთობლივად საკითხების გადაწყვეტაზე, მთავარი პრობლემა რასაც აწყდება თავად ნაციონალური მოძრაობა ეს არის ის , რომ ისინი საკუთარ თავს აქცევენ ჩიხში. როდესაც ისინი საუბრობენ, რომ ხელისუფლებაში არის რუსეთის მიერ დასმული პროექტი და ვიცით ეს ეპითეტები რაც არის, აქ რა თანამშრომლობაზე შეიძლება საუბარი საერთოდ? ეს არის დელეგიტიმაციის მცდელობა და ამას აკეთებენ 10 წელია და რაც მთავარია, უმეტეს ნაწილს ლიდერებისა, რომლებიც მათ შორის პარლამენტში არიან, ამის ყველაფრის არ სჯერათ და არიან ჩიხში. 10 წელია ამით კვებავდნენ საკუთარ ამომრჩევლებს და ახლა არ იციან როგორ გამოვიდნენ ამ ჩიხიდან, ვინაიდან მათ ნაბიჯიც რომ გადადგან თანამშრომლობისკენ, მათივე ამომრჩევლები პასუხს მოსთხოვს.
ერთ მაგალითს მოგიყვანთ - როდესაც კიევში მივდიოდით საპარლამენტო დელეგაციით, მაშინ გახსოვთ, რომ მე შევხვდი ოპოზიციას და შევთავაზე, რომ დელეგაცია ჩამოვაყალიბოთ- 4 დეპუტატი უმრავლესობიდან, 4 დეპუტატი ოპოზიციიდან და თავად დაესახელებინათ, ვინ იქნებოდა ოპოზიციიდან. მაშინ იყო კატეგორიული მოთხოვნა, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, რომ ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფიდან უნდა ყოფილიყო თითო წარმომადგენელი. პასუხი იყო, რომ მაშინ იქ უნდა ყოფილიყო 7 ოპოზიცია, 7 უმრავლესობა და დამატებით ადმინისტრაცია და 20 ადამიანისგან შემდგარი დელეგაცია შუა ომში მყოფ ქვეყანაში რომ ჩავიდეს, რა თქმა უნდა, არასერიოზული იქნებოდა, თუმცა ბოლოს ამაზეც დავთანხმდი, კი ბატონო, იყავით 7, უმრავლესობა იქნება კვლავ 4 და ნაციონალურმა მოძრაობამ ბოლო მომენტში თქვა, რომ ჩვენ მაინც არ მივიღებთ მონაწილეობას", - ამბობს შალვა პაპუაშვილი.