ევროკავშირი კიდევ ერთხელ აფიქსირებს თავის ურყევ პოზიციას, რომ ორგანიზაცია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - განცხადება "კურიერის" შეკითხვაზე პასუხად, ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერმა ყოველდღიურ ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ გააკეთა.
მისი შეფასებით, ლუკაშენკოს ვიზიტი განხორციელდა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რომელსაც აქვს ერთადერთი ლეგიტიმური უფლებამოსილება აფხაზეთის რეგიონზე. შესაბამისად, მისი განცხადებით, ლუკაშენკოს ვიზიტი არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას.
"ევროკავშირი მკაცრად გმობს ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში აფხაზეთში. გარდა იმისა, რომ ამ პიროვნებას, ლუკაშენკოს, არა აქვს ლეგიტიმაცია, იმოქმედოს როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, ეს ვიზიტი განხორციელდა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რომელსაც აქვს ერთადერთი ლეგიტიმური უფლებამოსილება აფხაზეთის რეგიონზე. ასე რომ, ეს ვიზიტი არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას. ერთადერთი, რაც შემიძლია დავამატო, არის ის, რომ შემიძლია გავიმეორო ევროკავშირის ძლიერი და მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში," - განაცხადა ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ.