სოხუმმა ბელარუსის აღიარება ვერ მიიღო. პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტის ადგილად არა სახელმწიფო აფხაზეთი, არამედ შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროა ნახსენები. პრეზიდენტად არ არის მოხსენებული არც ასლან ბჟანია, მას ლუკაშენკოს ადმინისტრაცია უბრალოდ სახელითა და გვარით ახსენებს, თანამდებობის დაკონკრეტების გარეშე. დამოუკიდებლობის აღიარებაზე საუბრისგან თავს იკავებს თავად ე.წ. პრეზიდენტიც.
ლუკაშენკო ბიჭვინთაში გუშინ იმყოფებოდა. ფაქტს ოფიციალური თბილისის სწრაფი რეაქცია მოჰყვა. საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებისთვის ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს. უკანონო ქმედება უწოდა ბელარუსის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს, ილია დარჩიაშვილმა. ტვიტერის პირადი გვერდის საშუალებით გამოხატა პოზიცია მთავრობის ხელმძღვანელმა. ირაკლი ღარიბაშვილმა ვიზიტი დაგმო და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ისევე როგორც ორმხრივ ურთიერთობებს საქართველო-ბელარუსს შორის.
საპარლამენტო ოპოზიციაში კი მმართველი გუნდის პასუხი არასაკმარისად ფასდება. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დღეს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა გააკრიტიკეს და ოპონენტებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს.
ოპონენტების კრიტიკას არ იზიარებენ მმართველ პარტიაში, სადაც აცხადებენ, რომ საქართველოსთვის ამ მეტად რთულ ვითარებას ოპოზიცია კვლავ საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის იყენებს. სახელისუფლებო გუნდში განმარტავენ, რომ ახლა გაწონასწორებული, გონივრული პოლიტიკის და მოქმედების დროა.
ლუკაშენკოს ვიზიტს არამეგობრულ ნაბიჯად აღიქვამს მოძრაობა ხალხის ძალა. მოძრაობის წევრები დღეს გამოქვეყნებულ წერილში იმედს გამოთქვამენ, რომ ბელარუსის ხელისუფლების მიერ არ გადაიკვეთება საბოლოო წითელი ხაზი ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებში და არ მოხდება აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. მიუღებელი და შემაშფოთებელია ოკუპაციის კანონისა და საერთაშორისო სამართლის ყველა წესის დარღვევით, ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლა საქართველოს პრეზიდენტისთვისაც. ოფიციალური თბილისის პროტესტის შემდეგ კრემლიც ირწმუნება რომ სოჭში ლუკაშენკოსა და პუტინის შეხვედრის დროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხი საერთოდ არ განხილულა. რუსეთის პრეს სპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ეს თემა დღის წესრიგში არ იყო.