18 აპრილი 2024,   22:38
ვრცლად
რუსეთის შემადგენლობაში ოთხი ახალი ტერიტორიის შესვლის შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია კრემლში დღეს არის დაგეგმილი

რუსეთმა ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ე.წ. "დამოუკიდებლობა" აღიარა. პუტინმა განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.

"საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ მიღებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, რომელიც გათვალისწინებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში, ხერსონის რეგიონის ხალხის მიერ, რეფერენდუმზე გამოხატული ნების გათვალისწინებით ვადგენ: აღიარებულ იქნას ხერსონის ოლქის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა" - ნათქვამია დოკუმენტში.

იგივე შინაარსის განკარგულება გამოქვეყნებულია ზაპოროჟიეს ოლქის დამოუკიდებლად აღიარებასთან დაკავშირებითაც. რუსეთის შემადგენლობაში ოთხი ახალი ტერიტორიის შესვლის შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია კრემლში დღეს არის დაგეგმილი.

რუსეთი ახალ ტერიტორიებს არ მიიღებს, ის ე.წ. "დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან" გაიგივდება - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის მოსახლეობას ხელისუფლების წინააღმდეგ, თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

"მსოფლიოში ყველას კარგად ესმის, რას ნიშნავს რეალურად რუსეთის მიერ უკრაინის ანექსიის მცდელობა. ეს არ იქნება ის, რისი იმედიც რუსეთს აქვს. რუსეთი არ მიიღებს უკრაინის ახალ ტერიტორიას, არამედ საკუთარი თავის ანექსირებას მოახდენს და შეუერთდება იმ კატასტროფას, რომელიც მან ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოიტანა. რუსეთი საკუთარ თავს გააიგივებს ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან და ამით საბოლოოდ გაანადგურებს ნორმალური სახელმწიფოებრიობის იმ ინსტიტუტებს, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებოდნენ რუსეთში. ისინი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიას საფლავებით ავსებენ, თავად რუსეთის ტერიტორიაზეც კი სულ უფრო მეტი საფლავია. რუსეთში კანონი გაუქმებულია.

მიტაცებულ ტერიტორიაზე ოკუპანტი ყველგან ანადგურებს სიცოცხლის ყოველგვარ საფუძველს - ეკონომიკას, სოციალურ სფეროს, კულტურას… ამის შესაჩერებლად, თქვენ, რუსმა ხალხმა უნდა შეაჩეროთ ის, ვისაც სიცოცხლეზე მეტად ომი უნდა. სანამ რუსეთი მოვიდოდა, უკრაინის მთლიან მიწაზე ნორმალური ცხოვრება იყო, და როცა როცა ჩვენ მათ განვდევნით, ნორმალური ცხოვრება დაბრუნდება. ეს გამარჯვების ერთადერთი გზაა," - განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები