ექსპერტები და პოლიცია ვაკის პარკში მდებარე შადრევნის ყველა დეტალს ამოწმებს. სწორედ ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი მთავარ კითხვას, სად იყო ხარვეზი და რატომ იყო მაღალი ძაბვა იმ სივრცეში, სადაც, წესით, ბავშვები უსაფრთხოდ უნდა თამაშობდნენ. ადგილზე სიტუაციის გარკვევას დღეს თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის წარმომადგენლებიც ცდილობდნენ. ეს სწორედ ის უწყებაა, რომელმაც სამუშაოები დაუკვეთა და ჩაიბარა.
ექსპერტიზის შემდეგ უკვე პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ვინ გახდება გამოძიების სამიზნე - სამუშაოს დამკვეთი, შემსრულებელი, თუ ექსპლუატაციაში მიმღები. ერთ-ერთი რგოლი თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურია, რომელმაც ტენდერი გამოაცხადა.
ვერტიკალის შემდეგი რგოლი უკვე კომპანია "გრინსერვისი +"-ია, რომელმაც 13 მილიონად შეფასებული ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები შეასრულა. კომპანიის ერთ - ერთი მეწილე დღეს "კურიერთან" მათი მხრიდან დაშვებულ შეცდომებს გამორიცხავდა და მაღალ სტანდარტებზე მიანიშნებდა.
მთავარი კონტრაქტორი კომპანია, თავის მხრივ, სხვა პასუხისმგებელ რგოლზე, მათ შორის, ქვეკონტრაქტორებზე მიანიშნებს. ყველაზე მეტად საგულისხმო კომპანია "ჯორჯიან იუნიონია." კონტრაქტის მიხედვით, შადრევანის კასკადის ელექტრომომარაგების სამუშაოებზე პასუხისმგებელი სწორედ ეს იურიდიული პირი იყო. ამ საქმისთვის კომპანიამ 72 ათას ლარზე მეტი მიიღო.
ტენდერის პირობების შესრულების ნაწილში მნიშვნელოვანი როლი ეკისრებოდა ინსპექტირების პროცესს. სატენდერო დოკუმენტაციაში რამდენიმე ფაილია დართული, რომელიც სწორედ ინსპექტირების დეტალებს ეთმობა. ბოლოს ეს პროცედურა 29 სექტემბრით არის დათარიღებული და ამ ფაილში ყველა საჭირო პუნქტი გამწვანებულია და ხელმოწერებთან ერთად ბეჭდებიც დასმული აქვს.
ვიდრე გამოძიება კონკრეტული კომპანიების, თუ სამუშაოების შემსრულებლების პასუხისმგებლობებს გამოკვეთს, რიგში პოლიტიკური მართლმსაჯულებაა. დღეს, მათ შორის, თბილისის საკრებულოში არაერთხელ დაისვა კითხვა - უნდა აიღოს თუ არა ვინმემ პოლიტიკური პასუხისმგებლობა.
შადრევანი, რომელიც გუშინ საზეიმო ვითარებაში გაიხსნა, დღეს ტრაგედიის ადგილია. შადრევანთან ახლა ფერადი განათებები ჩართული არ არის. მხოლოდ პოლიციელები დადიან ფანრებით და ეძებენ სამხილებს. დამნაშავეების მოსაძებნად საგამოძიებო პროცესი და ექსპერტიზა გრძელდება.