19 მაისი 2024,   18:18
ვრცლად
დიმიტრი გვრიტიშვილი და ლევან მურუსიძე იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები მომდევნო 4 წლის განმავლობაში იქნებიან - როგორია შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

გახმაურებული საქმის მოსამართლეები იუსტიციის საბჭოს წევრებად მეორედ აირჩიეს. ორი კანდიდატურა, ხმათა უმრავლესობა და ორი გვარი რომელიც ქართული მართლმსაჯულებისთვის ყველაზე ხმაურიან საქმეებთან ასოცირდება. ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი ისევ იუსტიციის საბჭოში ბრუნდებიან, ამჯერად მხოლოდ წევრების სტატუსით. 268 და 267 ხმა, ასეთია ქართული თემიდის არჩევანი.

დიმიტრი გვრიტიშვილი და ლევან მურუსიძე იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები მომდევნო 4 წლის განმავლობაში იქნებიან. მათ ნდობა კოლეგა მოსამართლეებისგან დაიმსახურეს, თუმცა მსგავსი ნდობით და კეთილგანწყობით ვერ სარგებლობენ ოპოზიციის წარმომადგენლებში, რომლებმაც მოსამართლეთა 31-ე კონფერენციის გადაწყვეტილება ე.წ. კლანური მმართველობის გაძლიერებად აღიქვეს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ გვრიტიშვილისა და მურუსიძის საბჭოში დაბრუნებამ "ქართულ ოცნებას" სასამართლო სისტემაზე გავლენები გაუძლიერა.

ოპოზიციის ბრალდებები უსაფუძვლოა მმართველი პარტიისთვის, სადაც განმარტავენ, რომ სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია და ამ შემთხვევაშიც, კონფერენციაზე მოსამართლეებმა გადაწყვეტილება საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე მიიღეს.

დიმიტრი გვრიტიშვილისა და ლევან მურუსიძის დანიშვნაში კიდევ ერთ პრობლემას ხედავს ოპოზიცია. ისინი ფიქრობენ, რომ მოსამართლეთა ეს გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც რეკომენდაციების ერთ-ერთი პუნქტი სწორედ სასამართლო რეფორმაა.

რეკომენდაციების შესრულების ნაწილში - მმართველი გუნდი ოპოზიციას აკრიტიკებს და ახსენებს,რომ კანონების შემუშავების პროცესში პარტიების დიდი ნაწილი თავად არ ჩართულა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ რეფორმების განსახორციელებლად მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

მოსამართლეთა გადაწყვეტილებას დღეს ამერიკის ელჩიც გამოეხმაურა, რომელმაც განსაკუთრებული აქცენტი მართლმსაჯულების რეფორმის კუთხით გააკეთა.

სასამართლო სისტემაში გამოწვევების არსებობის შესახებ საუბრობენ მმართველ პარტიაშიც, თუმცა, ამავდროულად ამბობენ, რომ გასულ წლებთან შედარებით მართლმსაჯულების სისტემა ახლა უფრო მეტად გაჯანსაღებულია.

იუსტიციის საბჭოს 2 მოსამართლე წევრი გუშინ აირჩიეს. დიმიტრი გვრიტიშვილსა და ლევან მურუსიძეს მხარდაჭერა კოლეგა მოსამართლეებმა გამოუცხადეს. აღნიშნული თანამდებობები ვაკანტური მას მერე გახდა, რაც გიორგი გოგინაშვილმა და გოჩა აბუსერიძემ საბჭოს დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. თავად გვრიტიშვილი და მურუსიძე დღეს მედიასთან აღარ გამოჩენილან.

 








დღის ამბები