საზღვრის უკანონო კვეთის ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი კიდევ ერთხელ გადაიდო. მიზეზი პენიტენციური სამსახურის ოქმი გახდა, რომლის მიხედვითაც, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სააკაშვილს სხდომაზე დასწრება არ შეუძლია. სასამართლოში მხოლოდ ექსპრეზიდენტის დაკითხვის ეტაპია დარჩენილი, რის მერეც განაჩენი უნდა გამოცხადდეს, თუმცა მისი დაკითხვა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ადვოკატები ექსპერტების დასკვნას ელოდებიან, რის მერეც აპირებენ მიმართონ სასამართლოს სასჯელის გადავადების შესახებ.
"ისე დაასრულა პროცესი მოსამართლემ, რომ ერთი სიტყვაც კი არ გვათქმევინა დაცვის მხარეს. ჩვენ უნდა წარგვედგინა სასამართლოსთვის ფორმა 100 და ასევე ჩვენი განცხადება, სადაც ვითხოვთ ცნობის გაცემას იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად აქვს შესაძლებლობა მიხეილ სააკაშვილს ჩვენება მისცეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ფაქტი არის, რომ როგორც ჩანს, მათ არ აწყობთ, რომ საქმეში მოხდეს ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილს რეალურად და ობიექტურად არ აქვს შესაძლებლობა ჩვენების მიცემის," - განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
პროკურორის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით შედგენილი ოქმის მიხედვით, ექსპრეზიდენტი მის გარეშე პროცესის ჩატარებაზე უარს აცხადებს.
"დღევანდელ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილ იქნა ოქმი პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების და ასევე მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით შედგენილი ოქმის, რომლის მიხედვითაც მას არ შეუძლია პროცესში მონაწილეობა და უარს აცხადებს მის გარეშე პროცესის ჩატარებაზე. ამ მოტივით გადაიდო სასამართლო პროცესი," - აცხადებს პროკურორი ლევან ვეფხვაძე