15 ნოემბერი 2024,   03:12
ვრცლად
ვის ეკუთვნის პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა - უკვე 24 საათია მსოფლიო ნატოს წევრ სახელმწიფოში მომხდარ აფეთქებაზე მსჯელობს

სოფელი ფშევოდუვი მესამე მსოფლიო ომის მიზეზი არ გახდება. ყოველ შემთხვევაში დღეს. მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთში ჩამოვარდნილი რუსული წარმოების რაკეტამ ორი ადამიანი იმსხვერპლა, ვარშავამ უკვე დღის მიწურულს დაადასტურა, რომ ეს მიზანმიმართულ თავდასხმაზე მეტად სამწუხარო ინციდენტს ჰგავდა. რაკეტა კი რეალურად მეზობელთან უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის წყალობით მოხვდა.

მანამდე იყო უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა, სამხედრო ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნაში გადაყვანა და რუსეთის ელჩის დაბარება ახსნა-განმარტებისთვის. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვარშავამ ნატოს წესდების მე-4 მუხლის ამუშავებაც კი მოითხოვა, რაც საფრთხის შემთხვევაში ნატოს შიდა კონსულტაციებს გულისხმობს. ამის მიუხედავად, პოლონეთი მაინც ძალიან ფრთხილობდა მომხდარის დასათაურებას. ამის მიზეზი კი უკვე ნატოს მე-5 მუხლში მდგომარეობს, რომლის თანახმადაც "თავდასხმა ერთზე, ნიშნავს თავდასხმას ყველაზე", ნატოს გენერალურმა მდივანმა წევრი სახელმწიფოების ელჩების საგანგებო სხდომის შემდეგ ალიანსის სათქმელი თქვა.

რუსეთმა მსხვერპლის როლი მოირგო, როდესაც განაცხადა, რომ რიგი ქვეყნების ბრალდებები, თითქოს პოლონეთს რაკეტები მოსკოვმა დაუმიზნა, მიზანმიმართული პროვოკაციაა, პოლონურ მედიაში ნაჩვენები რაკეტის ნამსხვრევებს კი მათ შეიარაღებულ ძალებთან კავშირი არ აქვს.

მოსკოვის კრიტიკა დასავლეთის გარდა კიევსაც ეხება, რადგან ზელენსკი ამ ფაქტმა კიდევ უფრო დაარწმუნა იმაში, რომ რუსეთი მხოლოდ ერთი მეზობლით არ შემოიფარგლება და ამაზე ილაპარაკა კიდეც, ფაქტიდან რამდენიმე საათში. ამ ეტაპზე უკრაინა პარტნიორი პოლონეთისგან იმ ფაქტებს ელოდება, რომლითაც დაასკვნეს, რომ საუბარი უკრაინის თავდაცვით რაკეტაზეა.

უკრაინის საზღვართან, პოლონურ სოფელში, გუშინ საღამოს ჩამოვარდნილი რაკეტა რომ რუსეთის ახალი ომის მომასწავებელი არ იყო, პირველმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომელმაც კუნძულ ბალიზე "დიდი ოცეულის" შეხვედრის პარალელურად, "დიდი შვიდეულიც" შეკრიბა. აშშ-ის მსგავსად თავშეკავებული იყო ევროპაც, რომელიც მტკიცებულებების გარეშე შეფასებას მოერიდა და ხაზი გაუსვა, რომ რუსული აგრესიის გარეშე საკითხი დღის წესრიგში არც დადგებოდა.

პოლონეთში გამოძიება გრძელდება. მანამდე კი ვარშავას გვერდში დგომას და დახმარებას ჰპირდება ნატოს ყველა წევრი სახელმწიფო, რომლებიც ხაზს უსვამენ, რომ კოლექტიური თავდაცვის პრინციპის მიმართ ერთგულები რჩებიან.

დღის ამბები