შიმშილი, ზრდასრულისთვის არასაკმარისი კალორაჟის საკვების მიღება, ექსპერტიზის ჩატარებისთვის აუცილებელი ნიმუშების არ ჩაბარება, მედიკამენტების შერჩევით მიღება, სამედიცინო პერსონალის მიმართ გამუდმებული მუქარა, შეურაცხყოფა და ამ ყველაფრის პირდაპირი ან ირიბი ფორმით წახალისება, ვერ ჩაითვლება იმ პირთა ქმედებად, რომლებიც დაინტერესებული შეიძლება იყვნენ პატიმრის ჯანმრთელობით, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი უარს ამბობს შესაბამისი სამედიცინო დანიშნულების შესრულებაზე, ასევე მიმართავს თვითდაზიანებას, რაზე პასუხისმგებელიც ვერ იქნებიან ცალკეული ექიმები, პენიტენციური სამსახური, იუსტიციის სამინისტრო და სამედიცინო დაწესებულება.
"შიმშილი, ზრდასრულისთვის არასაკმარისი კალორაჟის საკვების მიღება, ექსპერტიზის ჩატარებისთვის აუცილებელი ნიმუშების არ ჩაბარება, მედიკამენტების შერჩევით მიღება, სამედიცინო პერსონალის მიმართ გამუდმებული მუქარა, შეურაცხყოფა და ამ ყველაფრის პირდაპირი ან ირიბი ფორმით წახალისება, ვერ ჩაითვლება იმ პირთა ქმედებად, რომლებიც დაინტერესებული შეიძლება იყვნენ პატიმრის ჯანმრთელობით. პირიქით, მოვლენათა განვითარების მთელი ეს ჯაჭვი მიზნად ისახავს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და ამ გზით სასჯელის აღსრულებისგან თავის დაღწევას.
პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რა თქმა უნდა, ჩვენი მოვალეობაა, რასაც განუხრელად ვასრულებთ ნებისმიერი პატიმრის მიმართ. მსჯავრდებულ სააკაშვილს მისი პატიმრობის ყველა ეტაპზე დროულად მიეწოდა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და იგი ახლაც მკურნალობის მიზნით იმყოფება კლინიკაში. პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სამარცხვინო პერიოდი 2012 წლიდან საქართველოში ჩაბარდა ისტორიას. დღევანდელი ქართული სახელმწიფო კი მოქმედებს პატიმართა მიმართ ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად. იუსტიციის სამინისტრო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, სამედიცინო დაწესებულება და ცალკეული ექიმები ვერ იქნებიან პასუხისმგებელი პატიმრის თვითდაზიანებაზე, მათ შორის მის მიერ სამედიცინო დანიშნულების შეუსრულებლობაზე.
500 დღიანი პოლიტიკური კამპანიის, სამედიცინო პერსონალის მიმართ პატიმრის ქცევისა და მისი მხრიდან რეგულარული თვითდაზიანების გათვალისწინებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და სამედიცინო პერსონალს ურთულეს პირობებში უწევთ თავიანთი მოვალეობის შესრულება და დაუშვებელია რომ ეს ადამიანები იყვნენ შეურაცხყოფის თუ მუქარის ობიექტები. ასევე, კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის ყოველგვარი მცდელობა პატიმრის თვითდაზიანება პოლიტიკური კამპანიებით მათზე იქნას გადატანილი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამ ადამიანებს დიდი მადლობა გადავუხადო ღირსეული სამსახურისთვის.
ჩვენ ვაკვირდებით სახელმწიფოს იმიჯის დაზიანებისთვის გამიზნულ პოლიტიკურ კამპანიას და ყოვლად მიუღებელ მცდელობას, კონკრეტულმა პატიმარმა თვითდაზიანებით უზრუნველყოს პატიმრობიდან თავის დაღწევა, რის მიმართაც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ბუნებრივია იუსტიციის სამინისტრო ვერ იქნება ლოიალური, ვინაიდან ეს არის საშიში პრეცედენტი, რომელსაც შეუძლია იქონიოს წამახალისებელი ეფექტი სხვა პატიმრების ქცევაზე, რაც სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის შეიძლება სერიოზულ გამოწვევად იქცეს.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ პასუხისმგებელი შეიძლება ვიყოთ მხოლოდ ჩვენი მოვალეობის სათანადო შესრულებაზე, მაგრამ ვერ ვიქნებით ვერანაირად პასუხისმგებელი პატიმრის თვითდაზიანებაზე, რაც მის მიერ არაკალორიული საკვების შერჩევით მიღებასა და სამედიცინო დანიშნულების რეგულარულ არ შესრულებაში გამოიხატება. პატიმრის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ყველას, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის თვითდაზიანების მხარდაჭერა, მოუწოდონ მას მისი ჯანმრთელობისთვის სასიკეთო სამედიცინო რეკომენდაციის შესრულებისკენ და შეწყვიტონ სასჯელის აღსრულების საკითხის პოლიტიზება," - განაცხადა ბრეგაძემ.