დავით გარეჯის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გრძელდება. დღეს დაიკითხა ორი მოწმე, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი, რომელმაც ისაუბრა რუკების გაცემასთან დაკავშირებით.
ასევე დაიკითხა მესაზღვრე, რომელიც 2006 წლამდე საქართველო აზერბაიჯანის საზღვართან არსებულ ვითარებას აღწერა. ბრალდების მხარე დარწმუნებულია, რომ მოწმეების ჩვენებები გაამყარებს მათ იმ მტკიცებულებებს, რომლებიც ეხება სადელიმიტაციო სადემარკაციო კომისიის მიერ არარელევანტური რუკების გამოყენებას, რასაც პროკურატურა კომისიის ყოფილ წევრებს ედავება. საპირისპირო მოლოდინი აქვს დაცვის მხარეს.
"მოახსენა სასამართლოს ის, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი ერთ-ერთ განყოფილებაში რუკების მოიძია, ის შემდეგ ელექტრონულ სახედ გააკეთეს და თავის დროზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მიაწოდეს. შემდეგ პროკურატურამაც რაღაცები ამოიღო. ეს არ არაფერს არ ადასტურებს. ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი, რაც აღნიშნა კიდეც მოწმემ,"-აცხადებს ბრალდებული, საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი ივერი მელაშვილი.
ამასთან, სახელმწიფო ბრალმდებელი საუბრობს საქმის მიმართ გულგრილ მოპყრობაზე. როგორც მიხეილ სადრაძე აცხადებს, 1996 წლიდან 2007 წლის ჩათვლით კომისიას რუკები ბიბლიოთეკიდან არ გამოუთხოვიათ.
"დოკუმენტურად და მისი ჩვენებით დადასტურდა, რომ 1996 წლიდან 2007 წლის ჩათვლით კომისიას რუკები ბიბლიოთეკიდან არ გამოუთხოვიათ და ეს რუკები მნიშვნელოვანი იყო. იმიტომ, რომ ადასტურებდნენ საქართველოს პოზიციებს, მათ შორის ეს არის 500 000-იანი ის რუკები, იმ წლის და იმ პერიოდის, რომელიც იყო საფუძველი ორ სახელმწიფოს შორის საზღვარზე შეთანხმების. შესაბამისად ეს ადასტურებს, როგორც მთლიანად კომისიის დამოკიდებულებას და განსაკუთრებით ბრალდებულების დამოკიდებულებას საკითხისადმი,"-აცხადებს მიხეილ სადრაძე.