02 მაისი 2024,   23:23
ვრცლად
საქართველომ თურქეთში კიდევ ერთი ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა - პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 1 მლნ ლარი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო

40 ათასი ადამიანი ემსხვერპლა თურქეთსა და სირიაში დამანგრეველ მიწისძვრას. მხოლოდ თურქეთში, მსხვერპლის რაოდენობა 34 ათასს აჭარბებს. ამ დროისათვის, თურქეთს დახმარება უკვე 99-მა ქვეყანამ გაუწია. თურქეთისგან განსხვავებით გაცილებით რთული ვითარებაა სირიაში, სადაც დროულად გაეროს დახმარებაც კი ვერ აღწევს. მიზეზი ბიუროკრატიული პროცესებია. ჰუმანიტარული კრიზისის გამო სირიის მთავრობა კიდევ ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნას დათანხმდა.

17 წლის მუჰამედმა და მისმა ძმამ ნანგრევების ქვეშ კვირაზე მეტი - 198 საათი გაატარეს. ძმები ამბობენ რომ კაჰრამანმარასის შენობის ნანგრევებში 8 დღის განმავლობაში გადარჩენა პროტეინის მიღებით შეძლეს.

დრო გადარჩენის შანსებს ამცირებს, თუმცა ამის მიუხედავად 239 ათასამდე მაშველი სტიქიის ზონაში თავდაუზოგავად მუშაობს. ქალაქი ანთაქიაში გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს გადაღლილი მაშველები რომლებიც რთული დღის შემდეგ ღამეს ნანგრევებში ათენებენ.

სამაშველო ოპერაციის პარალელურად, თურქეთის ზოგიერთ რეგიონში დაზიანებული შენობების დემონტაჟი დაიწყეს. ქალაქი ნურდაგი მიწისძვრის შედეგად ფაქტობრივად მიწასთან არის გასწორებული, რის გამოც, მთავრობამ ამ ადგილის სრულად დანგრევა და ხელახლა აშენება გადაწყვიტა. სავარაუდოდ იგივე განხორციელდება სხვა ტერიტორიებზეც. მანამდე კი დაზარალებული რეგიონებიდან უკვე მოხდა 158 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია. გადარჩენილები დაზიანებულ სახლებს ტოვებენ და არ იციან იქ როდის დაბრუნდებიან.

თურქეთში კი კიდევ ერთი ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა საქართველოს მთავრობამ. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დაზარალებული მოსახლეობისთვის, 1 მლნ ლარი, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება ჯანდაცვის სამინისტრომ უზრუნველყო.

ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად დაშავებულია 100 ათასამდე ადამიანი. საცხოვრებელი სახლის გარეშე ათობით ათასი ადგილობრივი დარჩა . დღეს თურქეთის პრეზიდენტი ერთ-ერთ კლინიკაში მივიდა და დაშავებული პაციენტები მოინახულა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჰოსპიტალში ვიზიტისას, ახალშობილს დედის თხოვნით სახელი შეურჩია და აიშე ბეტული დაარქვა.

დღის ამბები