08 სექტემბერი 2024,   04:26
ვრცლად
"დილის კურიერის" ექსკლუზივი: "კურიერმა" ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ საქმის დაზარალებულის ჩვენება მოიპოვა, საუბარია შვილიშვილის მიერ ბებიის მკვლელობის შეკვეთაზე  

როგორც ირკვევა, ალექსანდრე საყვარელიძე ბებიისგან განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხას, ხშირად სესხულობდა, უკან კი არ აბრუნებდა.

ჩვენებაში წერია, რომ ამ მიზეზით ბებიასა და შვილიშვილს შორის კონფლიქტი არაერთხელ ყოფილა. ბებია ასევე ამბობს, რომ მას გადაწყვეტილი ჰქონდა შვილიშვილი ანდერძში არ მოეხსენებინა და ეს გადაწყვეტილება შვილს გაანდო.

"მარტში, 10 000 აშშ დოლარი ისესხა 1 თვის ვადით, მაგრამ აღარ დაუბრუნებია. მე მის უპასუხისმგებლობაზე და ჩემს მიმართ ასეთ უსამართლო დამოკიდებულებაზე გავბრაზდი და მივწერე, რომ მას ბებია აღარ ჰყავდა. აღნიშნულზე ალექსანდრეს ჩემთვის არც უპასუხია, არც უცდია ბოდიში მოეხადა და არც კონტაქტზე გამოსულა. მე იმდენად გავბრაზდი ალექსანდრეს საქციელზე, მით უმეტეს ადრეც არაერთხელ გაუკეთებია მსგავსი რამ, რომ ჩემს შვილს, ილონას ვუთხარი,რომ როცა გარდავიცვლებოდი ჩემს ქონებას ანდერძით დავუტოვებდი ვალერიან ჯიქიას და არა ალექსანდრე საყვარელიძეს...

2022 წლის მარტის თვის შემდეგ ალექსანდრეს და მე არანაირი არც პირადი და არც მიმოწერით კონტაქტი არ გვქონია. ჩემი აზრით, ალექსანდრეს ჩემი მოკვლა უნდოდა იმ ქონების გამო, რომელიც მე მაქვს დაგროვილი და რომლის დატოვებასაც მისი ნახევარ ძმისთვის ვაპირებდი. ასევე მას ჰქონდა მატერიალური პრობლემები და ალბათ, ფიქრობდა, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ რაიმე ფინანსურ სარგებელს მიიღებდა. მე და ალექსანდრეს გვქონია გარკვეული კონფლიქტები ყოფით ნიადაგზე, თუმცა არა ისეთი, რომ ალექსანდრე ან დამმუქრებოდა ან ეთქვა რაიმე ისეთი, რაც მისამართით შიშს გამიჩენდა და დისტანციის დაცვას მაფიქრებინებდა,"-ნათქვამია დაზარალებულის ჩვენებაში. 

შეგახსენებთ, ბებიის მკვლელობის შეკვეთის ბრალდებით 26 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა იანვრის ბოლოს დააკავეს. გამოძიების ინფომრმაციით, ბრალდებული საკუთარი ბებიის მკვლელობისთვის დაქირავებულ პირს 150 000 დოლარს დაჰპირდა. კრიმინალური პოლიციის ყოფილ თანამშრომელს დანაშაულისთვის 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ავტორი:გიორგი ცერცვაძე

დღის ამბები