05 ოქტომბერი 2026,   18:45
ვრცლად
თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგად დაკავებული 80 პირის საქმეზე სასამართლო პროცესები გაიმართა

თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგად დაკავებული 80 პირის საქმეზე სასამართლო პროცესები გაიმართა. მათ ნაწილს პატიმრობა შეეფარდა.

გამოძიების მიხედვით, ბრალდებულები ქურდულ გარჩევებს სისტემატურად აწყობდნენ, ფინანსურ დავებს ქურდული ტრადიციებით წყვეტდნენ და მოდავე მხარეს თანხის მიტანას აიძულებდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ, ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. საქმეში ფიგურირებს საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდი გიორგი გოგოლაძეც. მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა.

"გამოძიება, ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს ედავება ე.წ. ქურდული სამყაროს წევრზე მიმართვას. წარდგენილ ბრალდებაში, იგი თავს სრულად ცნობს უდანაშაულოდ. დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოსამართლემ 37-ვე პირის მიმართ გამოიყენა უმკაცრესი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, რასაც დაცვის მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება", - აცხადებს ადვოკატი გიორგი მოსიაშვილი.

პროკურორ ვაჟა თოდუას განცხადებით, სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მოთხოვნა და ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა პატიმრობა.

"ამ საქმეში ქურდული სამყაროს საქმიანობის განხორციელებისათვის ბრალი ედებოდა 37 პირს, მათ შორის ერთ-ერთი გახლავთ "კანონიერი ქურდი", რომელიც საზღვარგარეთიდან დისტანციურად აწყობდა ქურდულ გარჩევას, ქურდული სამყაროს წევრების მონაწილეობით. ასევე, ბრალდებულები არიან ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ქურდულ გარჩევებში და ასევე, ბრალდებულები არიან პირები, რომლებმაც მიმართეს ქურდული სამყაროს წევრებს სხვადასხვა დავების განხილვის მიზნით. თითოეულ ეპიზოდზე მოპოვებულია მტკიცებულებათა ერთობლიობა. უმეტესად ეს გახლავთ ფარული აუდიო ჩანაწერები, საიდანაც ჩანს, რომ ბრალდებულები უკავშირდებოდნენ ნამდვილად ქურთული სამყაროს წევრებს და ეწყობოდა ქურთული გარჩევები.“ - აცხადებს ვაჟა თოდუა.

დღის ამბები