02 მაისი 2024,   18:18
ვრცლად
საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - იგი სასჯელს დროებით ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მოიხდის

თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული როინ მებონია დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო.

მოსამართლის განმარტებით, მსჯავრდებული მამაკაცი გამოჯანმრთელებამდე სასჯელს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მოიხდის. თავად როინ მებონიამ სხდომაზე მოკლე განცხადება გააკეთა.

"ბატონო მოსამართლე, ავად ვარ და ვერ ვხვდები, რა ხდება", - განაცხადა როინ მებონიამ.

ცნობისთის, ექსპერტიზამ დაადგინა რომ როინ მებონია შემთხვევის დროს შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში იმყოფებოდა, ამის გამო მამაკაცი ჯერ სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსდება, ხოლო როცა გამოჯანმრთელდება სასჯელის მოხდას ციხეში გააგრძელებს. 

გარდაცვლილის დედა კი აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდება სასამართლო გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

განაჩენი დღეს ბრალდებულის დედამაც მოისმინა, თუმცა მან სასამართლო დარბაზი ისე დატოვა, რომ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

დაკავებულის ადვოკატი კი აცხადებს, რომ უფრო სამართლიანი როინ მებონიას სამედიცინო დაწესებულებაში გაშვება იქნებოდა, რადგან ქმედების განხორციელების დროს როინ მებონია შეურაცხადი იყო. 

შეგახსენებთ, შემთხვევა თბილისში, 2022 წლის 21 მაისს მოხდა. შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გურამიშვილის გამზირზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მამაკაცმა მეუღლეს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილის მიმდებარედ იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები