02 მაისი 2024,   22:42
ვრცლად
4 თვე ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიიდან - შადრევნის საქმეზე დაკავებულ 9-დან ოთხ პირს ბრალი დაუმძიმდა

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიიდან 4 თვის შემდეგ, საქმეს 9 ბრალდებული ჰყავს, თუმცა გამოძიების მასალებში ისევ არ დევს არცერთი აღიარებითი ჩვენება. დაკავებულები, რომლებიც სხვადასხვა დონის პასუხისმგებელ რგოლებს წარმოადგენენ, სასამართლო განხილვის დაწყებას ელოდებიან ისე, რომ პოზიციები არ შეუცვლიათ. წინასასამართლო სხდომის გამართვამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე გაირკვა, რომ მათგან 4-ს უფრო მძიმე ბრალდებით გაასამართლებენ, ვიდრე დღემდე ედავებოდნენ.

საქმის პროკურორის დღევანდელი განცხადებით, ასევე უწყების მიერ გავრცელებული წერილის შინაარსით ირკვევა, რომ თუ კომპანია "გრინსერვისის" და "მშენექსპერტის“ წარმომადგენლებს მაქსიმუმ 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდათ, მუხლის ცვლილების შედეგად სასჯელი შესაძლოა 6 წლამდე გაიზარდოს. ამგვარი ახალი მოცემულობა ბრალდებულების, მათ შორის "გრინსერვისის" დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატებისთვის რამდენიმე მიზეზით არის მიუღებელი.

კიდევ ერთი ადვოკატი, რეზო აჭარაძე, რომელიც ასევე კომპანია "გრინსერვისის" ინტერესებს იცავს, ამ გადაწყვეტილებას უსაფუძვლოს უწოდებს. 

დეტალებში არ შედის კომპანია "მშენექსპერტის" მხარე, თუმცა ადვოკატს აქვს ცალსახა პოზიცია, რომ მისი დამკვეთები უდანაშაულოები არიან. ეს არის კომპანია, რომელმაც საქმის მასალების მიხედვით, "გრინსერვისის" მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ შუალედური დასკვნა მოამზადა. თავის მხრივ, კომპანია "გრინსერვისის" დირექტორი მერიაში პროექტის ჩაბარებისას სწორედ ამ დასკვნას დაეყრდნო. ყალბი დოკუმენტის დამზადება და გასაღება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - ასეთია ბრალდების ახალი მუხლი "ექსპერტმშენის" დირექტორისა და დასკვნაზე ხელმომწერი ექსპერტისთვის.

უარყოფის და არაღიარების მიუხედავად, ბრალდებულების ადვოკატებს სასამართლოში ახლა უკვე დამძიმებული ბრალდების გაბათილება მოუწევთ. წინასასამართლო სხდომა 23 თებერვალს არის ჩანიშნული. პარალელურად, კვლავ გრძელდება საქმის გამოძიება, რომელსაც 12 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები