02 მაისი 2024,   22:28
ვრცლად
საქართველოში დიდთოვლობაა - საავტომობილო გზების სხვადასხვა მონაკვეთზე მოძრაობა პარალიზებულია, ზოგიერთ სოფელში კი ელექტროენერგიის მიწოდებაზე პრობლემები შეიქმნა

მესამე დღეა იმერეთში გადაუღებლად თოვს. უხვი ნალექია როგორც ქუთაისში, ასევე მაღალმთიან რაიონებში. ზოგიერთ სოფელში თოვლის საფარმა ორ მეტრს მიაღწია. მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდებაზე პრობლემები შეექმნა.

ქუთაისიდან ბერლინში "ვიზეარის" თვითმფრინავი 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა. დიდთოვლობით გზაზე შექმნილი პრობლემების გამო თბილისიდან ქუთაისის აეროპორტში მიმავალმა ავტობუსმა დააგვიანა.

იმერეთის მსგავსად დიდთოვლობას ებრძვიან გურიაშიც. თოვლის საფარმა მაღალმთიან სოფლებში 1 მეტრს მიაღწია. შეზღუდულია გადაადგილება. უხვი ნალექია ჩოხატაურშიც. მუნიციპალური ტექნიკის საშუალებით იწმინდება ცენტრალური და სოფლებამდე მისასვლელი გზები.

ამ დრომდე თოვს აჭარის მაღალმთიან რაიონებშიც. თოვლის საფარმა ორ მეტრს გადააჭარბა. მოძრაობა შეზღუდულია ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალზე. მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები. ხულოს მერი მოსახლეობას გოდერძის უღელტეხილის მიმართულებით გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

ამ დროისთვის ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია თბილისი-სენაკი-ლესელიძის მიმართულებით. თუმცა, სხვადასხვა სახის შეზღუდვები მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე საავტომობილო გზაზე მოქმედებს.

გუდაური-კობის მონაკვეთზე კი გადაადგილება, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბით, გაუჩერებლად გავლის რეჟიმში მიმდინარეობს. სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს ზოგ რეგიონში ძლიერი თოვა, ქარბუქი და ნისლი, მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება.

დღის ამბები