04 მაისი 2024,   12:06
ვრცლად
მე-19 საუკუნის ეკლესია ვარდისუბანში და მონასტერი ჭიათურაში, სადაც წირვა-ლოცვა მღვიმეში, სტალაქტიტებსა და სტალაგმიტებს შორის იმართება - უნიკალური არქიტექტურის ტაძრები საქართველოში

ქართული ეკლესია-მონასტრების არქიტექტურა და მშენებლობის სტილი, პერიოდულად, იცვლებოდა და ვითარდებოდა, იქნება ეს ადრეული შუა საუკუნეების, გარდამავალი შუასაუკუნეების, განვითარებული თუ გვიანი შუასაუკუნეების არქიტექტურა.

თუმცა დღეს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში შეხვდებით ისეთ ტაძრებს, რომლებიც ტრადიციული სტილისგან რადიკალურადაა განსხვავებული. ასევე ბევრი სარიტუალო ნაგებობა საკმაოდ უცნაურ ადგილებშია განთავსებული.

ერთ-ერთი მათგანია ვარდისუბანი, ყოფილი ვორონცოვკა - სოფელი ლაგოდეხთან, რომელიც 19-ე საუკუნეში ძირითადად რუსებით, უკრაინელებით და გერმანელებით იყო დასახლებული. სწორედ გერმანელებს ეკუთვნით სოფლის დაგეგმარებაც და ვარდისუბნის ეკლესიის აშენებაც. უცნაური არქიტექტურის გამო, ბევრს ეს ბეტონით ჩამოსხმული შენობა კათოლიკური ეგონა.

გასული საუკუნის პირველ ნახევარში, შენობა ჯერ ქორწინების სახლად გადაკეთდა, შემდეგ კი თეატრად. თავდაპირველი ფუნქცია კი ვარდისუბნის ეკლესიას, დაახლოებით, 30 წლის წინ დაუბრუნდა.

გერმანელი მშენებლების მიერ დატოვებული სიმბოლოები ეკლესიის კედლებზე დღემდე ვერავინ ამოხსნა.

გარდა ვარდისუბნისა, განსხვავებული ნაგებობის შენობები იმერეთშიცაა. მაგალითად, ჭიათურაში. კლდეზე აშენებული მღვიმევის დედათა მონასტერი, რომელიც ქალაქში შესვლისთანავე კარგად ჩანს, შთამბეჭდავი სანახავია, მაგრამ ბევრად უფრო საინტერესოა ის რასაც შიგნით შესვლისას ნახავთ. წირვა-ლოცვა აქ პირდაპირ მღვიმეში, სტალაგმიტებსა და სტალაქტიტებს შორის იმართება.

ასეთი ინტერიერი საკმაოდ მისტიკურ გარემოს ქმნის. ხშირად მონაზვნებს კედლებზე ფარდების ჩამოფარებაც უწევთ, იმისთვის რომ მომლოცველები არ დასველდნენ. წყლის წვეთების ხმა კი აქ 24 საათის განმავლობაში ისმის.

ამასთან,თავისი არქიტექტურით გამორჩეულია სარკინეთის მონასტერიც ძამას ხეობაში. მეთოთხმეტე საუკუნის შემდეგ ეს ტაძარი პირველია, რომელიც კლდეში ხელით გამოიკვეთა და ასევე ეს გახლავთ ბოლო კლდეში ნაშენები ეკლესია საქართველოში. ტაძარში რამდენიმე მეტრიანი დერეფნის გავლით მოხვდებით. დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე ხატწერაც, რომელიც კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის აქაურობას.

კლდესა და ტაძრის კედლებს შორის დატოვებულია ვიწრო ბილიკი, რომელიც წრეს არტყამს მთელ შენობას. მონასტრის არქიტექტურა ტურისტებსაც ხშირად იზიდავს.

განსხვავებული და გამორჩეული არქიტექტურის მქონე ეკლესიები საქართველოში საკმაოდ ბევრია და ეს არის ის ადგილები, სადაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა მოხვდეთ.

ავტორი : გიორგი ქორქია

დღის ამბები