17 მაისი 2024,   15:26
ვრცლად
"ისწავლე და დასაქმდი" - დედაქალაქის მერმა მუნიციპალური პროგრამის ანგარიში წარადგინა

"ისწავლე და დასაქმდი" - დედაქალაქის მერმა მუნიციპალური პროგრამის ანგარიში წარადგინა. პროგრამა 2018 წლიდან მოქმედებს და მიზანი სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით სწავლება და დასაქმების ხელშეწყობაა. პროგრამა ხორციელდება თბილისში მოქმედი სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების და სასწავლო ცენტრების ბაზაზე, კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით. პროგრამის კურსდამთავრებულებზე გაიცემა ორენოვანი სახელმწიფო სერტიფიკატი.

პროფესიული გადამზადების პროგრამაში მონაწილეობის მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ მხოლოდ ორ მოთხოვნას: უნდა იყვნენ 18 წლის და უნდა იყვნენ რეგისტრირებული თბილისში.

პროგრამების ჩამონათვალი მოიცავს ყველა იმ სპეციალობას, რომელიც შრომის ბაზარზე დღეს არის მოთხოვნადი. მათ შორის არის მშენებლობის დარგი, კულინარია, ინჟინერია და ტურიზმი. ამ პროგრამის მთავარი მიზანი კი დასაქმების ხელშეწყობაა.

"შევიმუშავეთ კონკრეტული პროგრამა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით გვაძლევს იმის შესაძლებლობას, ვისაც სურვილი აქვს იმ ადამიანებს დავეხმაროთ, ხელი შევუწყოთ, გადავამზადოთ, გავზარდოთ მათი პროფესიონალიზმი, გადავცეთ შესაბამისი სახელმწიფოს სერტიფიკატები და შემდეგ დავეხმაროთ პარალელურად დასაქმებაში. ძალიან მაღალი მაჩვენებელი აქვს აღნიშნულ პროგრამას დასაქმების, 70%-იანი, რომელიც საკმაოდ მაღალია.

ჩვენ გვაქვს ბევრი მიმართულებით აღნიშნული პროგრამა, სადაც ვასწავლით, ვამაღლებთ კვალიფიკაციას და წელს დაემატება IT ტექნოლოგიების მიმართულება, ამაში ჩართული იქნება "სქილვილის" აკადემია. საქართველოშიც გვაქვს ძალიან დიდი რესურსი იმისა, რომ ამ მიმართულებით ადამიანებს ვასწავლოთ, გადავამზადოთ და შემდეგ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა დასაქმდნენ როგორც ქართულ კომპანიებში, ასევე სხვადასხვა მსოფლიო კომპანიებში.

თქვენ არაფერი არ გაქვთ გადასახდელი, ერთი თეთრიც. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ გამოყოთ დრო და თავს ძალა დაატანოთ, რომ მიიღოთ შესაბამისი კვალიფიკაცია, განათლება," - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.

თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ განმარტა, რომ მოხდა 110 კომპანიაზე მეტ ადგილას დასაქმება იმ ადამიანების, რომლებმაც აღნიშნული პროგრამა გაიარეს.

"ჯამში, 110 კომპანიაზე მეტ ადგილას მოხდა დასაქმება იმ ადამიანების, რომლებმაც გაიარეს ჩვენი პროგრამა. ეს არის ყველა მოწინავე კომპანია. საშუალო ხელფასი გვაქვს დათვლილი სექტორების მიხედვით, სამშენებლო, საინჟინრო და აიტი სექტორში 1 500-2 000 ლარია საშუალო ხელფასი; სტუმარ-მასპინძლობის სექტორი 1 200-1 500; და წარმოება-მომსახურების სექტორში 800- 1 200 ლარი.

2018 წლიდან 6 500 ადამიანი გადამზადდა უკვე, საიდანაც 70% დასაქმდა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. დაახლოებით 10% არის გადინება, პროგრამას ვინც იწყებს და არ ამთავრებს. ჩვენი სურვილი არის, რომ 10 000-მდე ავიდეს მომდევნო წლებში," - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

რაც შეეხება ბიზნესის სფეროს, "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე აცხადებს, რომ საქართველოს სულ აქვს კადრების ქრონიკული დეფიციტი, რასაც თბილისის მერიის პროგრამა მნიშვნელოვნად შეამცირებს.

"ნებისმიერ ბიზნესს, რომ შეეკითხოთ საქართველოში სულ გვაქვს ქრონიკული დეფიციტი კადრების, როგორც სამუშაო ძალის, ასევე კვალიფიციური კადრების დეფიციტი. როგორც მოვისმინეთ, დაახლოებით 6 500 ადამიანი იყო უკვე ბენეფიციარი ამ პროექტის და დაახლოებით 70%-მა იშოვა სამსახური. საბოლოო ჯამში ბიზნესმენებს რა გვინდა - ის, რომ რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია ჩავდოთ ქვეყანაში და რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილები შევქმნათ," - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

დღის ამბები