21 მაისი 2024,   01:28
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილს უგზავნის

შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილს უგზავნის, წერილი პარლამენტის თავმჯდომარის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. 

"ევროპის საბჭოს

ვენეციის კომისიის პრეზიდენტს,

ქ-ნ კლერ ბაზი მალორის

თქვენო აღმატებულებავ,

საქართველო რეგიონული უსაფრთხოების ცვალებად კომპლექსურ გარემოში მდებარეობს. ასეთ პირობებში ჩნდება ხოლმე ისეთი ახალი და მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც აუცილებელია სახელმწიფო უწყებების მხრიდან რეაგირება. აღნიშნული საკითხების ეფექტურად მოგვარებისთვის საჭიროა როგორც ყველა დაინტერესებული მხარის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უფრო მაღალი სტანდარტები, ისე უსაფრთხოების გამოწვევების უფრო სერიოზულად გააზრება.

ამ კუთხით, საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა, მიიღოს ახალი რეგულაციები არაკომერციული ორგანიზაციებისთვის, რომლებიც საქართველოში ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას. პარლამენტში წარდგენილ იქნა ორი კანონპროექტი. კანონპროექტები მიზნად ისახავს არაკომერციული ორგანიზაციების მინიმალურად აუცილებელი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, მათ შორის, უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებით.

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს პროგრესთან ერთად, ჩვენ მოწადინებულები ვართ, ვიმუშაოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ საუკეთესო ბალანსი, ერთი მხრივ, გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების ლეგიტიმურ მიზნებსა და, მეორე მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების უფლებებსა და თავისუფლებებს შორის.

ჩვენი ათეულობით წლის განმავლობაში მიმდინარე პარტნიორობის სულისკვეთებით, მოგმართავთ თხოვნით, რომ ვენეციის კომისიამ მოამზადოს სამართლებრივი დასკვნა თანდართულ კანონპროექტებზე.

ქალბატონო პრეზიდენტო, მოუთმენლად ველით აღნიშნულ საკითხზე თქვენთან თანამშრომლობას.

თქვენო აღმატებულებავ, გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას.

პატივისცემით, შალვა პაპუაშვილი,"- აღნიშნულია წერილში. 

დღის ამბები