19 აპრილი 2024,   01:28
ვრცლად
ეკოლოგიური კატასტროფა, რომელსაც ფერმერები ხშირ შემთხვევაში საკუთარი უცოდინარობით იწვევენ - სავარგულების გადაწვაზე ჯარიმა დაწესდება

ეკოლოგიური კატასტროფა, რომელსაც ფერმერები ხშირ შემთხვევაში საკუთარი უცოდინარობით იწვევენ - იმ რეგიონებში, სადაც მარცვლეული კულტურა მოჰყავთ, მოსავლის აღების შემდეგ მოქალაქეების ნაწილი მინდვრებს წვავს, რაც ხანძრის გავრცელების საშიშროების გარდა, მიწის გამოფიტვას და ფაუნის განადგურებას იწვევს.

უკანონო ქმედებების აღსაკვეთად, ახალი კანონპროექტი შემუშავდა, რომელიც მაღალ ჯარიმებს ითვალისწინებს. კანონის დამტკიცების შემდეგ, ნებისმიერი ფიზიკური პირი ერთ ჰექტარზე 1000 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი კი 2 000 ლარით. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივა მალე კანონის სახეს მიიღებს. უწყებაში განმარტავენ, რომ სავარგულებისთვის ცეცხლის წაკიდება დიდ ზიანს აყენებს ნიადაგსა და გარემოს. მინისტრის თქმით, ტერიტორიების გადაწვის შემთხვევაში მიმდებარე ნაკვეთებზე, ტყეებში, მინდვრებსა და დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საფრთხეც იზრდება.

სავარგულების გადაწვის პრაქტიკასა და გამოწვეულ ზიანზე საუბრობენ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც სასოფლო სამეურნეო პროგრამების მიმართულებით წლებია მუშაობენ.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტი, პარლამენტს რამდენიმე დღეში გადაეგზავნება.

დღის ამბები