რესპუბლიკური საავადმყოფოს საინიციატივო ჯგუფის, სამედიცინო ჰოლდინგისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის შეხვედრა კონკრეტული შედეგით დასრულდა.
ამ ეტაპზე ექიმების სამი მოთხოვნიდან ერთი დაკმაყოფილებულია. მინისტრის მოადგილე გარდამავალ პერიოდში ყოველდღიურად ივლის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ექნება აქტიური კომუნიკაცია საინიციატივო ჯგუფთან, სადაც ეტაპობრივად რეაბილიტაციის საკითხებზე მიაწვდის ინფორმაციას.
რაც შეეხება დანარჩენ ორ მოთხოვნას, რეაბილიტაციის პარალელურად გაგრძელდება თუ არა ექიმების მუშაობა და დაკმაყოფილდება თუ არა დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის გადაყენების საკითხი, ორივე საკითხს უწყება განიხილავს.
ამასთან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე რესპუბლიკური საავადმყოფო უწყვეტად აგრძელებს პაციენტების მიღებას.
"მოვისმინე მათი მოთხოვნები, გავაცანით სამინისტროს პოზიცია პროექტთან დაკავშირებით. კონკრეტული შეთანხმებაზე არ მიგვიღწევია, ჩვენ შევთანხმდით რომ შემდეგ კვირაში დაგეგმილია მინისტრის პრეზენტაცია და მინისტრი დეტალურად გააცნობს მათ იმ გეგმას, რა გეგმაც გვაქვს რესპუბლიკურთან დაკავშირებით.
ეს არის უპრეცედენტოდ მასშტაბური და ისტორიული პროექტი. მათ მიიღეს ინფორმაცია სამინისტროს მხრიდან, მოვისმინეთ მათი მოსაზრებაც. საერთო ჯამში შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას. ყველაზე პრინციპული საკითხი რაც არის, რესპუბლიკური საავადმყოფო ამ ეტაპზე აგრძელებს პაციენტების მიღებას," - აცხადებს ილია ღუდუშაური.