განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მანდატურებს, ფსიქოლოგებსა და სოციალურ მუშაკებს უმასპინძლა. შეხვედრა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დაარსების დღესთან დაკავშირებით გაიმართა.
გიორგი ამილახვარმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა და მათ გაწეული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დაარსების დღე ყოველწლიურად 15 აპრილს აღინიშნება.
"ვუმასპინძლე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ინსტიტუტს - მანდატურის სამსახურს, დავაჯილდოვეთ ისინი სიგელებით, წარმატებული მანდატურები, ფსიქოლოგები და ფსიქიატრები. უსაფრთხო სკოლა - ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და ამ კუთხით ის მექანიზმები, რომელიც დანერგილია მანდატურის სამსახურის მიერ, არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომ ჩვენს შვილებს მივაწოდოთ ხარისხიანი განათლება," - აცხადებს გიორგი ამილახვარი.