15 ნოემბერი 2024,   08:25
ვრცლად
რომელიმე ოპოზიციონერს ელჩისთვის პროტოკოლურად მაინც ეკითხა, რომელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღეს მოსამართლეებზე გადაწყვეტილება, ოპოზიცია ვერ ბედავს ასეთ კითხვებს - შალვა პაპუაშვილი

სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას რაც შეეხება, სამწუხაროა, რომ ოპოზიცია მოქმედებს არა საკუთარი პოლიტიკური და ამომრჩევლის პოლიტიკური დღის წესრიგით, არამედ უცხო ქვეყნის საჯარო დაწესებულებების თუ პოლიტიკოსების განცხადებების მიხედვით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ყველა თემა, რომელიც ოპოზიციას ჰქონდა წამოწეული, იქნებოდა ეს უკრაინის მიმართ სოლიდარობა, კანდიდატის სტატუსი, უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა თუ საგამოძიებო კომისია, გააქტიურებული იყო საქართველოს საზღვრებს გარედან და ჩვენი ოპოზიცია ამ შემთხვევაში აქტიურდება ხოლმე.

"ოპოზიციას არ აქვს პოლიტიკური დღის წესრიგი, არ მოქმედებენ საკუთარი ამომრჩევლის კარნახით, მოქმედებენ მაშინ, როდესაც გრძნობენ და ხედავენ, რომ თემას აქვს მხარდაჭერა მათი გარე მფარველებისგან. ეს ინიციატივა ერთი წლის წინ ჰქონდათ დაყენებული და არც კი გამოუტანიათ სხდომაზე. როდის გააქტიურდნენ? როდესაც სხვა ქვეყნიდან წამოვიდა მხარდაჭერის იმპულსი. ვგულისხმობ სწორედ რამდენიმე მოსამართლის სანქცირებას, რამაც გაააქტიურა ეს თემა და რადიკალური დღის წესრიგი კიდევ უფრო გაამწვავა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის ყველა პირმა აშშ-ის ელჩს ვთხოვეთ მტკიცებულებების წარმოდგენა ასეთი მძიმე ბრალდებების ფონზე, სამწუხაროდ, რაიმე მტკიცებულება დღემდე არ არის წარმოდგენილი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილების უკან არგუმენტების არსებობაში არის ძალიან დიდი ეჭვი", – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, აშშ-ის ელჩისთვის ოპოზიციის არცერთ წარმომადგენელს არ უთხოვია, მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით მტკიცებულებები წარმოედგინა და რომელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით იყო მიღებული ეს გადაწყვეტილება. პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია ვერ ბედავს, ასეთი კითხვები დასვან.

"ერთ რამეს ხაზი უნდა გავუსვა, ამ კომისიის ინიცირებასთან ერთად, გინახავთ ან მოგისმენიათ, რომელიმე ოპოზიციონერის მხრიდან ერთი კითხვა მაინც აშშ-ის ელჩის მიმართ, საჯარო ან არასაჯარო, სადაც სთხოვეს ელჩს, როგორც ქართველმა პოლიტიკოსებმა და პარლამენტის წევრებმა, წარმოედგინა მტკიცებულებები. საქმე იმაშია, რომ ვერც ბედავენ, ასეთი კითხვები დასვან. ეს არის პრობლემა ჩვენი ოპოზიციის, რომ მათ არ აქვთ საერთოდ განცდა საკუთარი სახელმწიფოებრიობისა. მათ ხომ აქვთ პრეტენზია, რომ ხელისუფლებაში შეიძლება, მოვიდნენ და ქვეყანას უხელმძღვანელონ. ამ ქვეყნის ოთხ მოქალაქეს ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა დაადო სანქციები. ისინი არიან პარლამენტის წევრები, ქვეყნის წინაშე, მათ შორის პარლამენტში ფიცი აქვთ დადებული, ერთი კითხვა პროტოკოლურად მაინც უნდა დაესვათ ელჩისთვის საჯაროდ ან პირადად, რომელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული. ნაცვლად ამისა, კითხვებს კი არ სვამენ, საჯაროდაც აცხადებენ, რომ ამ საგამოძიებო კომისიის მიზანი უნდა იყოს მტკიცებულებების შექმნა იმ გადაწყვეტილებისთვის. კანცელარიის დონეზე დაჰყავთ თავიანთი თავი და საქართველოს პარლამენტი, რაც აჩვენებს, რამდენად შეუმდგარია ჩვენი ოპოზიცია", – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, დამოუკიდებლობის მიღების დღიდან დღევანდელი ოპოზიცია არის ყველაზე არადამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებაში, ყველაზე არაპატრიოტული და, შესაბამისად, შეუმდგარი ოპოზიცია.

მისივე თქმით, ოპოზიციის სურვილია სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევა, სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაცია, რასაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობა არ დაუშვებს.

"საგამოძიებო კომისიას რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით უმრავლესობის ლიდერმა არაერთხელ განაცხადა, რომ უმრავლესობა არ აპირებს, მისცეს შესაძლებლობა, ამ დროს, როდესაც ევროკავშირთან ინტეგრაციის მხრივ მნიშვნელოვან პროცესში ვიმყოფებით და მნიშვნელოვანია კონსტრუქციული თანამშრომლობა პარლამენტში, შემოიტანონ დესტრუქციული დღის წესრიგი პარლამენტში, რადიკალიზმი, იყოს ალქაჯებზე ნადირობა, ამის დაშვებას საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა არ აპირებს.

ოპოზიციას შევახსენებ, თავის დროზე, როდესაც საუბარი იყო მანდატების შეჩერებაზე არჩევნების შემდეგ, მაშინაც მშრალად, რეგლამენტის მიხედვით რომ ემოქმედა უმრავლესობას, დღეს არცერთი ეს წევრი, არათუ საგამოძიებო კომისიის საკითხს ვერ დააყენებდა, პარლამენტში არ იქნებოდა წარმოდგენილი. სწორედ ეს აჩვენებს, რომ "ქართული ოცნების" უმრავლესობა მოქმედებს სახელმწიფოებრივი ინტერესის, კონსტიტუციის ინტერესით და რეგლამენტის საუკეთესო მიზნებიდან გამომდინარე. ეს გადაწყვეტილება რომ იყო სწორი, ამას უკვე ოპოზიციაც აღიარებს. ოპოზიციის სურვილია სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევა, სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაცია, რასაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობა არ დაუშვებს. ამის მექანიზმები, რა იქნება და როგორ, ყველა ნახავთ", – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები