პარლამენტის ბიუროს პლენარული სხდომების დღის წესრიგის პროექტი წარედგინა. საკითხების სიაში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე დადგენილების პროექტი არ წერია, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს.
"კონსტიტუციაში წერია, 42-ე მუხლში, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლება აქვს იმ რაოდენობის დეპუტატებს, 50-ს, რომელიც წინა სამი დღის მანძილზეც იყვნენ სესიაზე და ამ კვირასაც იქნებიან და აპირებენ, რომ იმუშაონ იმისთვის, რომ საგამოძიებო კომისია, რისიც თქვენ ასე ძალიან გეშინიათ და ამისთვის კონსტიტუციასაც არღვევთ და ახლა უკვე რეგლამენტით, თუ არ ვიცი რით იხელმძღვანელეთ, რომ ამოიღეთ კენჭისსაყრელი საკითხიდან, ეს პასუხისმგებლობიდან გაქცევაა, მე ვფიქრობ, კონსტიტუციასთან მიმართებაში,"- განაცხადა ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრმა თეონა აქუბარდიამ.
აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა შალვა პაპუაშვილმა. სპიკერის თქმით, ეს დღის წესრიგიდან კონკრეტული საკითხის ამოღებას არ ნიშნავს, რადგან პარლამენტის ბიურო პლენარული სხდომების დღის წესრიგს ყოველ ჯერზე ხელახლა ადგენს.
"პლენარული სხდომის კვირის დღის წესრიგი ყოველ ჯერზე ხელახლა არის შედგენილი, ამიტომ არ არსებობს არანაირი დღის წესრიგი, რომლიდანაც რაიმეს ამოღება ხდება. ჩვენ დღეს, პარლამენტის ბიურო, ვადგენთ სწორედ პროექტს პარლამენტის სასესიო კვირის დღის წესრიგისა, რომელიც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს შემდეგ, ხვალ. შესაბამისად, შეგახსენებთ, მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევასთან დაკავშირებით, რამდენიმე კვირა არ შეგვქონდა ეს პარლამენტის დღის წესრიგში, და იცით, რომ წინა კვირას შევიტანეთ. ასე რომ, კიდევ ერთხელ, განმარტებისთვის, აქ რომ არ იყოს რაიმე მანიპულაცია, არანაირი დღის წესრიგი არ არსებობს, რომლიდანაც რაიმეს ამოღება ხდება ან არ ხდება- ყოველ ჯერზე ხდება ახალი დღის წესრიგის შედგენა, სადაც იქიდან გამომდინარე, როგორ განიხილავს ბიურო, შეაქვს საკითხები დღის წესრიგში. თუკი რომელიმე პარლამენტის წევრი ან ჯგუფი არ ეთანხმება დღის წესრიგს და ფიქრობს, რომ რაიმე დასამატებელია, თქვენ პლენარულ სხდომაზე (და ბიუროზეც) გაქვთ შესაძლებლობა დააყენოთ ეს საკითხი და ამაზე იმსჯელებს ბიუროც,"- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.