ლაზარე გრიგორიადისის საქმესთან დაკავშირებით, "ქართულ ოცნებაში" განცხადებები კიდევ ერთხელ კეთდება - მათი შეფასებით, "საქმე გვაქვს ჩვეულებრივ კრიმინალურ აქტთან."
საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ ლაზარე გრიგორიადისმა ჩაიდინა დანაშაული, რასაც სამართლებრივი პროცესები მოჰყვება.
"საქმე გვაქვს მარტივ მოვლენასთან - ჩვეულებრივ კრიმინალურ აქტთან. დაუდასტურდება ამ კაცს ამ ქმედების ჩადენა - მოლოტოვის კოქტეილის სროლა, რასაკვირველია მან პასუხი უნდა აგოს, თუ არ დაუდასტურდება, რა თქმა უნდა, ის უნდა გათავისუფლდეს. ამის გასარკვევად მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცედურები, ამას არ სჭირდება არავითარი პროტესტის გამოხატვა. მაგრამ, როდესაც ოპოზიცია საკითხს ამგვარად აყენებს, რომ მერე რა რომ მოლოტოვის კოქტეილი ისროლა, ის მაინც გმირია, ეს, რასაკვირველია, კატეგორიულად მიუღებელია," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.