პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ ხელოვნურად ააგორა ბინძური "ფეიკ კამპანია", თითქოსდა, მმართველი გუნდის წარმომადგენლები არ შეუერთდნენ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას.
აქვე გივი მიქანაძე გამოეხმაურა ე.წ. "ფაქტჩეკის" განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და აღნიშნა, რომ არ ახსენდება მათი მხრიდან ქვეყნის საზიანოდ აწეული აბსოლუტურად ხელოვნური, უსაფუძვლო და არანაირი მტკიცებულებით გამყარებული "ფეიკ კამპანია".
მისი თქმით, რადიკალურმა ოპოზიციამ ხელოვნურად ააგორა ბინძური "ფეიკ კამპანია", თითქოსდა, მმართველი გუნდის წარმომადგენლები არ შეუერთდნენ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას.
""ფეიკ კამპანიაში", თითქოსდა საქართველო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არ შეუერთდა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას, ჩაერთენ ისეთი პირები, როგორიც არის ბატონი გონჩარენკო, რომელიც თურმე იცლის საქართველოსთვის, ამ დროს, მისი ოჯახის უახლოესი წევრების მიმართ გუშინ ვნახეთ კონკრეტული ბრალდება იმ ფინანსურ მაქინაციებზე და მითვისებულ თანხებთან დაკავშირებით, რომელიც საჯარო გახდა. აღარ მაქვს საუბარი ოპოზიციაზე, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენი ქვეყნის ინტერესები დააზიანოს.
პირველი და უმთავრესი - საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი სესიის წინ ხდება კონკრეტული დაგეგმარება, სადაც დელეგაციას აქვს თავისი კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც განსაზღვრავს იმ ორმხრივ თუ მრავალმხრივ შეხვედრებს, ასევე სხვადასხვა საკომიტეტო მუშაობაში ჩართულობის ფორმატებს. როგორც აქამდე, ამჯერადაც მმართველმა გუნდმა სრულფასოვნად დაუჭირა მხარი ყველა იმ საკითხს, რომელიც დაკავშირებულია უკრაინასთან. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ იმ პოლიტიკურ პოზიციაზე, რომელიც ფაქტებით ამტკიცებს, რომ უკვე ასეულობით რეზოლუციას თუ კონკრეტულ დეკლარაციას შეუერთდა საქართველო, ინიციატორიც, სპონსორიც იყო ამ დეკლარაციების, რომ დაცული და მხარდაჭერილი ყოფილიყო უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. უფრო მეტიც, დელეგაციის წარმომადგენლებმა უმრავლესობის მხრიდან მონიტორინგის კომიტეტის საკომიტეტო მოსმენაზე, კომიტეტზე, მხარი დაუჭირეს იმ რეზოლუციას, რომელიც სწორედ ამ "ფეიკ ნიუსის" მთავარი ნაწილი გახდა," - განაცხადა გივი მიქანაძემ.
მისივე თქმით, დელეგაციამ თავისი ვიზიტი დაასრულა ოთხშაბათს და დატოვა სტრასბურგი, ხოლო კენჭისყრა კონკრეტულ რეზოლუციასთან მიმართებაში წარიმართებოდა ხუთშაბათს, რის გამოც, ფიზიკურად დელეგაცია იქ ვერ იქნებოდა.
"მიუხედავად ამისა, ჩვენ ჩვენი პოლიტიკური პოზიცია დავაფიქსირეთ. უფრო მეტს ვიტყვი, მოახლოებულ რეიკიავიკის სამიტზე, რომელიც მაისის შუა რიცხვებში ჩატარდება, სადაც მთავრობის პირველი პირები იქნებიან წარმოდგენილი 46 სახელმწიფოდან, გადის დეკლარაცია, რომლის ერთ-ერთი დანართი სწორედ ამ საკითხს ეხება და ჩვენ წინასწარ გაცხადებული გვაქვს ამ დეკლარაციის მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერა.
ასევე მინდა გამოვეხმაურო ე.წ. "ფაქტჩეკის" განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას. ჩვენ ვერ დავინახეთ ვერცერთი შემთხვევა, როდესაც ამ ორგანიზაციებს გაეპროტესტებინათ ქვეყნის საზიანოდ აწეული აბსოლუტურად ხელოვნური, უსაფუძვლო და არანაირი მტკიცებულებით გამყარებული "ფეიკ კამპანია"," - განაცხადა გივი მიქანაძემ.