27 აგვისტო 2026,   00:18
ვრცლად
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. კრებული ქართულ ენაზე გამოიცა საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ფარგლებში.

"სასამართლოს შესაძლებლობების გაზრდა და გაფართოება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში განვითარდეს ინტელექტუალური საკუთრება და დამკვიდრდეს ევროპული სტანდარტები. სწორედ ამ მიზნით ითარგმნა ევროპული სასამართლოს მდიდარი გამოცდილება ქართულ ენაზე, რომელსაც გაეცნობიან ქართველი მოსამართლეები და გამოიყენებენ შეძლებისდაგვარად საჭიროების მიხედვით თავიანთ პრაქტიკაში. ასევე აღსანიშნავია, რომ ეს შესაძლებელი გახდა იმ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ევროკავშირის საპატენტო უწყებასთან თანამშრომლობით და ამ თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა ასევე სხვა ისეთი ტიპის აქტივობები, რომლებიც მოიცავდა არა მხოლოდ "საქპატენტთან" არსებულ თანამშრომლობას, არამედ გაღრმავდა ურთიერთობები სასამართლო სისტემასთან," - აცხადებს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ "საქპატენტის" თავმჯდომარე სოსო გიორგაძე.

ნაშრომი შედგენილია ევროკავშირის საერთო სასამართლოს, ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოსა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილებების საფუძველზე. ღონისძიებაზე, სკოლის ხელმძღვანელობასა და მოსამართლეებს საჩუქრად კრებულის 50 ეგზემპლარი გადაეცათ.

"ჩვენ "საქპატენტთან" თანამშრომლობის მრავალი წელი გვაკავშირებს. რაც შეეხება გამოცემას, მასში 300 საქმეა შესული, რომელიც უკვე ნათარგმნია ქართულ ენაზე. ეს წიგნი არის მოსამართლეებისთვის, პრაქტიკოსებისთვის და სხვა მიმართულების ექსპერტისთვის. ეს ეხება არა მხოლოდ სასაქონლო ნიშნებს, არამედ საავტორო უფლებებსა და სხვა მიმართულებებს," - აცხადებს ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების საერთაშორისო თანამშრომლობის სამსახურის უფროსი იგნასიო დე მედრანო.

დღის ამბები