15 ნოემბერი 2024,   08:18
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობიდან" წასულები ლევან ხაბეიშვილს, როგორც მენეჯერს აკრიტიკებენ - ვინ უპირისპირდება პარტიის მოქმედ მენეჯმენტს

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი სალომე სამადაშვილი, ლევან ხაბეიშვილს პარტიის მართვის მეთოდებს უწუნებს. "ლელოში" პორტირებული პოლიტიკოსი, "ნაციონალურ მოძრაობას" მიხეილ სააკაშვილის დაჯგუფებას უწოდებს და ახალ თავმჯდომარეზე ამბობს, რომ ის ნომინალური ფიგურაა. ყოფილმა დიპლომატმა, ყოფილ თანაგუნდელებს ყვითელი ბარათიც აჩვენა და შეახსენა, რომ პატარა პარტიებს თამაშის წესებს ვეღარ უკარნახებენ.

პარტიის მოქმედ მენეჯმენტს კიდევ ერთი ყოფილიც დაუპირისპირდა. ხატია დეკანოიძეც ამბობს, რომ წარსულის გამო, საზოგადოებას "ნაციონალური მოძრაობის" შიში ახლაც აქვს.

ორი ყოფილის დარტყმა ანა წითლიძემ მოიგერია. ხაბეიშვილის გუნდის წევრი კამერებთან დღეს არ გამოჩენილა თუმცა, სამადაშვილ დეკანოიძის დუეტს პოლიტიკური წარსული სოციალური ქსელით შეახსენა.

ყოფილ თანაგუნდელებს, ტონი დღეს თინა ბოკუჩავამაც დაუწუნა, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა არ უარყო, რომ მისი გუნდი, მიხეილ სააკაშვილის ელექტორატზე დგას. ახალი მენეჯმენტის გადაწყვეტილებებს, პარტიისთვის დამანგრევლად მიიჩნევენ ნიკა მელიას ფლანგში.

ომი ელექტორატისთვის - ასე აფასებენ მმართველ გუნდში "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის მიმდინარე დაპირისპირებას. "ქართულ ოცნებაში" პარტიის უფრო მეტად დაყოფასაც არ გამორიცხავენ და პოლიტიკური სივრციდან მათ გაქრობასაც ვარაუდობენ.

ყოფილი თანაგუნდელების თავდასხმებზე დღეს ლევან ხაბეიშვილს კომენტარი არ გაუკეთებია.

 

ავტორი: ანუკა ბუავა. 

დღის ამბები