მოსამართლეების საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით განცხადებები კეთდება ოპოზიციაში. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელისუფლებას სიმართლის გარკვევა არ სურს და საგამოძიებო კომისიის შექმნის ეშინია.
"ამ კომისიასაც იგივე პერსპექტივა აქვს უმრავლესობის ხელში, იმიტომ რომ უბრალოდ ისინი არ ფიქრობენ და არ უნდათ სიმართლის გაგება. სიმართლე არის ის, რომ ორგანიზებული დანაშაული არსებობს საქართველოში, რომელსაც ფარავს საქართველოს ხელისუფლება," - აცხადებს პარლამენტის წევრი ხატია დეკანოიძე.
პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ანა ბუჩუკური კი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება" დავით კეზერაშვილზე "ღიად არის გადაფარებული":
"გუშინ რაც "ქართულმა ოცნებამ" გააკეთა და რასაც აკეთებს, არის ის, რომ ღიად არიან უკვე გადაფარებული დავით კეზერაშვილს. ჯერ სანდრო გირგვლიანის სანქცირებულ მოსამართლეს გადაეფარა, ჩინჩალაძეს გადაეფარა, ახლა ღიად გადაფარებულია დავით კეზერაშვილზე," - აცხადებს ანა ბუჩუკური.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, პაატა მანჯგალაძე კი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ ეშინია საგამოძიებო კომისიის შექმნის, რადგან გაირკვევა "ქართული ოცნების" ლიდერების ჩართულობა ე.წ. ქოლცენტრების საქმეში.
"ქართული ოცნების ლიდერებს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეშინია ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა იმიტომ რომ სინამდვილეში გამომჟღავნდება, რომ ამის უკან იყო "ქართული ოცნება", "ქართული ოცნების" ლიდერების ჩართულობა ქოლცენტრებთან დაკავშირებით,“ - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.