15 ნოემბერი 2024,   08:25
ვრცლად
მამუკა მდინარაძე - ღირებულებების ომი მიდის მსოფლიოში, ქართული გამოწვევაა, სად აღმოვჩნდებით ამ ბრძოლაში 

ღირებულებების ომი მიდის მსოფლიოში და ქართული გამოწვევაა, სად აღმოვჩნდებით ამ ბრძოლაში. დარწმუნებულები ვართ და ხალხის მხარდაჭერაც შეუძლებელია სხვაგვარი იყოს,  ამ ღირებულებების ომში ჩვენ უნდა ვიყოთ საკუთარი იდენტობის, ტრადიციების, ღირებულებების და არა სხვა მხარეს, სადაც არაჯანსაღი პროპაგანდა მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით, ძალიან ხშირად ურევენ ხოლმე მაგალითად ადამიანის უფლებების დაცვას, რაშიც აბსოლუტურად შეუვალები ვართ - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი გამოსვლის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. 

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, თანამედროვე სამყაროში თუკი რაიმე გამოწვევა არსებობს, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ის, რაზეც გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ილაპარაკა. ამას აღიარებენ არა მხოლოდ საქართველოში, ცივილიზებულ სამყაროში აღიარებს ძალიან ბევრი ადამიანი, პოლიტიკური ჯგუფი, ირაკლი ღარიბაშვილი არც პირველია და არც ბოლო, ვინც ამ თემაზე ილაპარაკებს.

მისივე თქმით, გუშინ ნაცმოძრაობის კლასტერმა, როგორც პოლიტიკოსებმა, ისე მედიამ პირველ მიზნად დაისახა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ნალაპარაკევი საზოგადოებას უბრალოდ არ გაეგო.

"მათმა მაყურებელმა ამ წუთამდე არ იცის, რა ილაპარაკა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. უბრალოდ დაუმალეს. იცით მხოლოდ შეფასებები, თითქოს ეს იყო რუსული, ჰომოფობიური და ა.შ. ვერც ერთ სიტყვას და ფრაზას ვერც ერთი ჟურნალისტი, მათ შორის ამ ტელევიზიების ვერ მოიტანს, რა იყო ჰომოფობიური, რა იყო რუსული. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ღირებულებების ომში ქართულ ტელევიზიებში და ქართველ პოლიტიკოსებში მოიძებნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ეროვნულს, ტრადიციულს, ფასეულს, ქართულს, დაარქვან რუსული და არაჯანსაღ პროპაგანდას და მის სხვადასხვა მიმართულებებს დაარქვან ევროპული. სწორედ ეს არის ანტი ევროპული, იმიტომ, რომ როდესაც ქრისტიანულ ცივილიზაციაზე და ევროპულ დიდ ოჯახზეა საუბარი, საქართველოს ბუნებრივ ადგილზე, მაშინ არ შეიძლება არაჯანსაღი პროპაგანდა მიაკუთვნო დასავლეთს, ასე შეურაცხყო ევროპული ქრისტიანული ცივილიზაცია და მეორე მხრივ, ყველაფერ ტრადიციულს, ღირებულს, შენს ეროვნულ იდენტობასთან დაკავშირებულს დაუძახო რუსული, რომ რაღაცნაირად მოახდინო ოკუპანტის ეგიდით ამ ყველაფრის დაკნინება" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები