15 ნოემბერი 2024,   08:27
ვრცლად
ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად, თუმცა, მიგვაჩნია, რომ როდესაც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზეა საუბარი, ჩვენც უნდა გვქონდეს ჩვენი პირობები - "ხალხის ძალა"

საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალა" განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღშფოთებაა გამოთქმული ევროპარლამენტში გამართულ გამოფენასთან დაკავშირებით, რომელიც, მათი შეფასებით, ქრისტიანების რელიგიურ გრძნობებს მიზანმიმართულად შეურაცხყოფს.

"გვინდა გამოვხატოთ აღშფოთება ევროპარლამენტში გამართულ გამოფენასთან დაკავშირებით, რომელიც უხეშად და მიზანმიმართულად შეურაცხყოფს ქრისტიანების რელიგიურ გრძნობებს და არის იმ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის გაგრძელება, რომელიც პრინციპულად მიუღებელია საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის, საქართველოს ყველა საღად მოაზროვნე მოქალაქისთვის, განურჩევლად რელიგიური კუთვნილებისა.

ჩვენ ვართ ადამიანის უფლებების ერთგული და მიგვაჩნია, რომ მყარად უნდა იყოს დაცული ნებისმიერი ადამიანის უფლება, განურჩევლად მისი ცხოვრების წესისა. თუმცა, ჩვენთვის მიუღებელია ფსევდოლიბერალების მიერ წარმოებული პროპაგანდა, რომელსაც ადამიანის უფლებების დაცვასთან არაფერი აქვს საერთო. რაც შეეხება ევროპარლამენტში გამართულ გამოფენას, ის პროპაგანდაზე ბევრად მეტია და თავად უხეშად ლახავს ადამიანის უფლებებს. ადამიანების რელიგიური გრძნობების მიმართ სრული შეუწყნარებლობა არის იმის მკაფიო დადასტურება, რომ ფსევდოლიბერალები თანამედროვე პოლიტიკაში ყველაზე არალიბერალურ და არატოლერანტულ პოლიტიკურ მიმდინარეობას წარმოადგენენ. ადამიანების რელიგიური გრძნობების ხელყოფის ესოდენ უხეში გამოვლინება ბოლოს ბოლშევიკებისგან გამოვცადეთ. აღმაშფოთებელია, რომ რასაც სჩადიოდნენ ბოლშევიკები 100 წლის წინ, იმის კიდევ უფრო უხეში რეკონსტრუქცია დღეს ევროპარლამენტის კედლებში ვიხილეთ.

ჩვენ ხშირად გვითქვამს, რომ ევროპა საქართველოს ისტორიული ცივილიზაციური არჩევანია, რაც ისტორიული ფაქტია. თუმცა, გვინდა შეგახსენოთ, რომ ამ ცივილიზაციური არჩევანის მთავარი საფუძველი ქრისტიანობა იყო. საქართველო ყოველთვის იყურებოდა ევროპისკენ, რადგან მასში საკუთარი ეროვნული თვითმყოფადობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენის - ქრისტიანული რწმენისა და კულტურის დაცვის შესაძლებლობას ხედავდა. დღეს, როდესაც ევროპარლამენტში ცდილობენ, ევროპა და ანტიქრისტიანული პროპაგანდა ერთმანეთთან გააიგივონ, ეს საქართველოს ცივილიზაციურ არჩევანს პირდაპირ უპირისპირდება, რასაც რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ.

ყველას გვახსოვს გზავნილი - ტრადიციებით ევროპაში, რომელსაც ფსევდოლიბერალებიც კი ახმოვანებდნენ. თუმცა, არსებული ტენდენციები გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ როდესაც შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების საკითხი დადგება დღის წესრიგში, ევროპაში არა ტრადიციებით, არამედ მხოლოდ ტრადიციებისა და ტრადიციული ღირებულებების დაგმობით შეიძლება მიგვიღონ.

აქვე გავიხსენებთ, რომ რამდენიმე ევროპარლამენტარმა ქედმაღლურად გამოგვიცხადა, კანდიდატის სტატუსს მხოლოდ ჩვენი პირობებით მოგცემთო. ეს განცხადება განსაკუთრებულად ცინიკურად ჟღერს იმ ფონზე, რომ ევროპარლამენტარებმა თავიანთი რეზოლუციებით ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების შეფარდება და ორი კრიმინალის - სააკაშვილისა და გვარამიას განთავისუფლება მოითხოვეს. ამასთან დაკავშირებით, მკაფიოდ გვსურს განვაცხადოთ, რომ კანდიდატის სტატუსის საპირწონე პირობა ვერც ტრადიციულ ღირებულებებზე უარის თქმა იქნება, ვერც კანონის უზენაესობის დათმობა და ვერც კრიმინალებისთვის ხელისუფლების იძულებით გადაბარება.

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რისთვისაც ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პუნქტიც ზედმიწევნით სრულდება. თუმცა, მიგვაჩნია, რომ როდესაც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზეა საუბარი, ჩვენც უნდა გვქონდეს ჩვენი პირობები და ეს პირობები სწორედ ქართული საზოგადოების ტრადიციულ ფასეულობებსა და სახელმწიფო სუვერენიტეტს უნდა დავუკავშიროთ.

შესაბამისად, საზოგადოებასთან ერთად უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმის დასაზუსტებლად, თუ რა პირობების დაცვას ვითხოვთ ევროკავშირისგან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. თუ ამ პირობებს არ დავაყენებთ, ვერც სუვერენიტეტს დავიცავთ, ვერც ტრადიციულ ფასეულობებს და ვერც მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში,"- ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები