15 ნოემბერი 2024,   08:22
ვრცლად
მჯერა, რომ საქართველო გახდება დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და საქართველო შევა ევროპაში საკუთარი ტრადიციებით - ირაკლი ღარიბაშვილი

მჯერა, რომ საქართველო გახდება დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და საქართველო შევა ევროპაში საკუთარი ტრადიციებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილი „ევროპის დღეებზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ბოლო 10 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ბევრი რამ გააკეთა, რათა საქართველო კიდევ უფრო დაახლოებოდა ევროპას.

„მინდა, ჩემი გულწრფელი აღფრთოვანება გამოვხატო ელჩის ქართულის ცოდნით, მადლობა მას, რომ საზოგადოებას მიმართა ქართულ ენაზე. ძვირფასო მეგობრებო, დღეს ჩვენ ქართველები და ევროპელები ერთად ევროპის დღეს აღვნიშნავთ. ვინაიდან, ეს დღე არის როგორც ევროპისთვის და ევროპელებისთვის, ასევე ქართველებისთვის. ქართველები ყოველთვის ისტორიულად მივიჩნევდით ჩვენ თავს ევროპის ნაწილად. შესაბამისად, ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ გავხდეთ ევროპული დიდი ოჯახის სრულფასოვანი წევრები.

თქვენ იცით, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენმა ხელისუფლებამ ბევრი რამ გააკეთა, რათა ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დაახლოებოდა ევროპას. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ყველას, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, ასოცირების შეთანხმების, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება, უვიზო რეჟიმი და ევროპული პერსპექტივის მონიჭება.

ჩვენ ძალიან კარგად გვესმის და გვაქვს გააზრებული, რომ ეს მოითხოვს კიდევ უფრო მეტი საქმის გაკეთებას, მეტი რეფორმების განხორციელებას, რათა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპას.

მე მჯერა, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები, ევროპული სახელმწიფოები წელს მიიღებენ ერთადერთ სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და საქართველოს და ქართველ ხალხს მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს, რადგან ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და ჩვენი მთავრობა, ხელისუფლება იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ჩვენ კარგად გვესმის, რომ სტატუსის მინიჭება არის სიმბოლური აქტი, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.

კიდევ ერთხელ მინდა, განვაცხადო ჩვენი ხელისუფლების სრული მზაობა, რათა გავაგრძელოთ რეფორმები, რომელიც არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის და მეორე რიგში ეს არის კიდევ უფრო დამაახლოებელი ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და საზოგადოებასთან.

ჩვენ ევროპასთან და ევროპელ ხალხთან გვაკავშირებს ბევრი საერთო ღირებულებები და ფასეულობები, ეს ფასეულობები ეფუძნება ჩვენს ქართულ იდენტურ ქრისტიანულ ღირებულებებს და ამაზეა დაფუძნებული თანამედროვე ევროპაც.

შესაბამისად, მე მჯერა, რომ საქართველო გახდება დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და საქართველო შევა ევროპაში საკუთარი ტრადიციებით. ვუსურვებ ევროპას მშვიდობას, სტაბილურობას კეთილდღეობას ჩვენს ხახლებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

დღის ამბები