თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ევროპული პერსპექტივა უკვე ოფიციალურად აღიარებულია, რითაც ხელისუფლებისა და ხალხის ნება კიდევ უფრო გამყარდა.
მისი თქმით, ამ აღიარებას უკვე დამსახურებული სტატუსიც და წევრობაც უნდა მოჰყვეს.
"ევროპის დღეს ვზეიმობთ ყველანი, ვისთვისაც თავისუფლება, თანასწორობა და სოლიდარობა, ქრისტიანული იდენტობა და ჰუმანიზმი, ინდივიდუალური და ეროვნული მსოფლმხედველობის განმსაზღვრელი პრინციპებია. დღეს, ევროპა უმძიმესი გამოწვევების წინაშეა. წელიწადზე მეტია, რაც ომის დამანგრეველ შედეგებს ვუყურებთ და ამ ვითარებით გამოწვეული ტრაგედიებისა და კრიზისების ფონზე, კიდევ უფრო აშკარა და ცხადია მშვიდობის ფასი, მშვიდობის, რაც თავის დროზე ევროკავშირის შექმნის იდეას დაედო საფუძვლად და რამაც მისი განხორციელება გახადა შესაძლებელი.
ქართველი ხალხისა და "ქართული ოცნების" ხელისუფლების სურვილი, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის პატივისცემა, თანასწორობის პრინციპების მოქმედი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობაა, რასაც ჩვენი საზოგადოების განწყობა და ხელისუფლების მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები ადასტურებს.
საქართველოს ევროპული პერსპექტივა უკვე ოფიციალურად აღიარებულია, რითაც ხელისუფლებისა და ხალხის ნება, კიდევ უფრო გამყარდა. ამ აღიარებას უკვე დამსახურებული სტატუსიც და წევრობაც უნდა მოჰყვეს. ძალიან მნიშვნელოვანია, სტატუსის მინიჭება, ამ ნაბიჯის გადადგმა, რათა ქართველი ხალხში არ გამოიწვიოს იმედგაცრუება და ქართველმა ხალხმა თავი დაჩაგრულად არ იგრძნოს", - განაცხადა კახა კალაძემ.