ე.წ. ქოლცენტრების საქმის გარეშემო ისევ ურთიერთბრალდებები ისმის. შეფასებები კეთდება გავრცელებული დოკუმენტების შესახებ, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ აღმაშენებლის 75 ნომერში მდებარე დალუქული შენობა შპს "მისანს" ეკუთვნის, რომლის 25%-ს გიორგი ვაშაძის ძმა დავით ვაშაძე ფლობს. ამავე საბუთების მიხედვით, ვაშაძის კომპანიამ ფართი დავით არახამიას ძმის კომპანიას, შპს ,"ლაიონს შვიდი გრუპს" მიაქირავა. მხარეებმა ხელშეკრულება 13 აპრილს გააფორმეს. საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს.
პარლამენტის წევრი ხატია დეკანოიძე ამტკიცებს, რომ დავით არახამიას დედმამიშვილები არ ჰყავს.
"დავით არახამიას არანაირი კავშირი არ აქვს ამ ადამიანთან იმიტომ, რომ ჩემთვის ცნობილია, რომ მას დედმამიშვილები არ ჰყავს, უბრალოდ არ აქვს კავშირი, რამდენადაც ვიცი, არც ამ ადამიანთან. შესაბამისად, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არავითარი კავშირი ქოლცენტრებთან არ აქვს, ეს მე მგონია უფრო პროპაგანდა. მე ვერ ჩავყვები ამ პროპაგანდის ანატომიას, მაგრამ ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით თქვენ იცით - გამოვიძიოთ,"- აცხადებს ხატია დეკანოიძე.
"სტრატეგია აღმაშენებელის" წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ გიორგი ვაშაძის ძმასთან დაკავშირებულ პირებს ქოლცენტრი "ჩაუდეს."
"რაც შეეხება ქოლცენტრებათან გიორგი ვაშაძის გვარის დაკავშირებას, ეს არის აბსურდი, ცილისწამება, პროპაგანდა. თქვენ ალბათ გაგიგიათ ბევრი, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს, იარაღი ჩაუდეს - ეს არის ქოლცენტრის ჩადების მცდელობა, ოღონდ გიორგი ვაშაძესა და მის ძმაზე კი არა, გიორგი ვაშაძის ძმასთან დაკავშირებულ ადამიანებთან. ამიტომ, თავი სამართლებელი არ გვაქვს, არანაირი მორალური ბოჭვა არ არსებობს. მე გეტყვით მარტივს - დღეს გიორგი ვაშაძე 12 საათზე დადგება და გეტყვით, სინამდვილეში რა ხდება ამ საქმეებთან დაკავშირებით. ამ კვირაში ჩვენ რამდენიმე ბრიფინგი გვექნება და თქვენ გაიგებთ, როგორ დაგეგმა სუსმა სპეცოპერაცია, რომ კვალი გადმოსულიყო ვითომ გიორგი ვაშაძესთან,"-აცხადებს მანჯგალაძე.
ოპოზიციის ნაწილი ისევ საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
"ამიტომ გვინდა საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ დასვამს კითხვებს, რაც საზოგადოებაში ჩნდება - ვისი ინტერესია, კეზერაშვილის გარდა კიდევ ვინ არის ჩართული, მისი გარემოცვა ვინ იყო, რატომ ეფარება "ქართული ოცნება" დავით კეზერაშვილს, რატომ არ ქმნის კომისიებს, ჰქონდათ თუ არა მათ, მინიმუმ, ინფორმაცია, თუ არა ფინანსური ინტერესები ამ პროცესში, - ყველა ამ კითხვებს უნდა გაეცეს საგამოძიებო კომისიის ფარგლებში პასუხი,"- აცხადებს პარტიის ”საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ბექა ლილუაშვილი.
უმრავლესობა აქცენტს ისევ ვაშაძის პარტიის წევრების ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციაზე აკეთებს, თვლის, რომ განმარტებები არადამაჯერებელია და დანაშაულებრივ სქემასთან ოპოზიციის ნაწილის კავშირები ერთმანეთს საეჭვოდ ემთხვევა.