15 ნოემბერი 2024,   08:15
ვრცლად
ცესკოს დაკომპლექტების წესი - "ქართული ოცნების" დეპუტატები ახალი ინიციატივით გამოდიან

მმართველი გუნდის შეფასებით, აბსურდულია ის ნორმა, რომლის მიხედვითაც პარლამენტი ახლა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 6-თვის ვადით აკომპლექტებს. ამბობენ, რომ მოქმედი რეგულაციების ანალოგიური სამართლებრივი პრაქტიკა ევროკავშირის არცერთი ქვეყნის სტანდარტს არ შეესაბამება. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ დღეს არსებული წესის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაც შესაძლებელია, რაც ხელს უშლის კვალიფიციური კადრების არჩევას.

უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივით, ცესკო-ს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლება მომავალი არჩევნების მანიპულაციისთვის ემზადება და ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც ერთპარტიულად აკომპლექტებს.

ოპონენტების ბრალდებები მიუღებელია მმართველი გუნდისთვის. უმრავლესობის დეპუტატები აცხადებენ, რომ საარჩევნო კოდექსისა და რეგლამენტის ცვლილებები ხელ შეუწყობს მომავალი არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას.

საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით, ახალი კანონპროექტით პრეზიდენტს უფლებამოსილება ეზღუდება და მას პარლამენტისთვის ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების წარდგენის პრეროგატივა აღარ ექნება.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დღეს არსებული აბსურდული რეგულაციის გამო სრულფასოვანი კონკურსიც ვერ შედგა და პრეზიდენტის ადმინისტრაცია დღემდე ვერ ახერხებს ცესკოს წევრობის საკმარისი რაოდენობის კანდიდატების წარმოდგენას. ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში გათვალისწინებულია პრეზიდენტის ერთი წარმომადგენლის ყოფნაც.

დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც. ცესკოში თვლიან, რომ საარჩევნო რეფორმის წარმატებით განხორციელება ყველა პოლიტიკური მხარის პასუხისმგებლობაა და პროცესი მიკერძოებული პოლიტიკური ინტერესებით არ უნდა დაზიანდეს.

დღის ამბები