კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ვანის კარლო საკანდელიძის სახელობის სახალხო თეატრის სცენაზე სპექტაკლ "ვალის" პრემიერა გაიმართა. სპექტაკლი ვანის სახალხო თეატრისა და დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის სახელმწიფო თეატრის ერთობლივი ნამუშევარია და ის კულტურის სამინისტროს კონკურსის - "სამოყვარულო/მუნიციპალური/კერძო თეატრალური დასების საქმიანობის ხელშეწყობა" გამარჯვებულია.
შესაბამისად, მიმდინარე წელს სამინისტრომ სპექტაკლის სადადგმო ხარჯები დააფინანსა. პრემიერას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
წელს გურამ ბათიაშვილისთვის საიუბილეო წელია, მას 10 იანვარს 85 წელი შეუსრულდა და სპექტაკლი სწორედ მის საიუბილეო წელსა და სპექტაკლ "ვალის" პირველი დადგმის მთავარი ტანდემის - მსახიობისა და რეჟისორის, გოგი ქავთარაძისა და კომპოზიტორისა და პედაგოგის, გომარ სიხარულიძის შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს მიეძღვნა.